ვუჩიჩი: 2026 წელს სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა დაადასტურა, რომ სახალხო სკუპშტინის (პარლამენტი - რედ.) რიგგარეშე არჩევნები 2026 წელს ჩატარდება. ეს ინფორმაცია 28 დეკემბერს, სერბულმა მედიასაშუალებებმა, სააგენტო Beta-მ და ონლაინ გამოცემებმა Vreme-მ და Telegraf-მა გაავრცელეს.

ვითარების არსი: პარლამენტის შენობის წინ მხარდამჭერებთან გამოსვლისას ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ხელისუფლება საპროტესტო აქციების მონაწილეთა მოთხოვნებს ითვალისწინებს.

  • "უახლოეს მომავალში, მომავალ წელს, ჩვენ არჩევნებზე წავალთ," — აღნიშნა მან, თუმცა ზუსტი თარიღი არ დაუკონკრეტებია.
  • ამასთან, ალექსანდარ ვუჩიჩმა გამოთქვა რწმენა, რომ მმართველი კოალიცია დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს და გაიხსენა ხუთ მუნიციპალიტეტში ჩატარებული ბოლოდროინდელი არჩევნები, რომელშიც ხელისუფლებამ გაიმარჯვა.
  • მოქმედი პარლამენტის უფლებამოსილების ვადა 2027 წლის დეკემბერში იწურება.
  • სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ბელგრადში, პარლამენტთან არსებული მომიტინგეთა კარვების ქალაქი 3-4 იანვრისთვის დაიშლება და მის ადგილას საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებული ობიექტები განთავსდება: "ფერადი რევოლუცია ჩავარდა."

სტრიქონებს შორის: სერბეთის პრეზიდენტმა ვადამდელ არჩევნებზე დეკემბრის შუა რიცხვებშიც ისაუბრა, მაშინ მან "2026 წლის დასასრული" ახსენა.

  • 28 დეკემბერს სერბეთში მომტინგე სტუდენტებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელმოწერების შეგროვების ფართომასშტაბიანი აქცია გამართეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.
  • ორგანიზატორების მონაცემებით, ხელმოწერები 113 დასახლებულ პუნქტში გროვდებოდა.

დიდი სურათი: 2024 წლის 1 ნოემბერს ნოვი-სადში ახლახან გარემონტებული რკინიგზის სადგურის გარე ბეტონის გადახურვა ჩამოინგრა. შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი.

  • ტრაგედიის შემდეგ მშენებლობის მინისტრმა გორან ვესიჩმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. მოგვიანებით ის და კიდევ 12 პირი, რომლებიც სადგურის რეკონსტრუქციასთან იყვნენ დაკავშირებული, დააკავეს.
  • ამის მიუხედავად, ქვეყანაში საპროტესტო ტალღა დაიწყო, რომელსაც 1996 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური უწოდეს. დემონსტრანტები ნოვი-სადის ტრაგედიის მიზეზად კორუფციას, გულგრილობას, მშენებლობისას უსაფრთხოების წესების უგულებელყოფასა და სერბეთის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში არსებულ ნეპოტიზმს ასახელებდნენ.

კონტექსტი: 2025 წლის იანვარში, პროტესტის ფონზე, თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრემიერ-მინისტრი და ნოვი-სადის ყოფილი მერი მილოშ ვუჩევიჩი. მარტში ქვეყნის პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება დაამტკიცა.

  • მთავრობის ახალი ხელმძღვანელი მედიცინის პროფესორი ჯურო მაცუტი გახდა, რომლის კანდიდატურაც პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა წარადგინა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ "დემოკრატიულ ქვეყნებს არ შეუძლიათ არჩევნების გრაფიკის შეცვლა ყოველ ჯერზე, როდესაც პროტესტი წარმოიშობა, რადგან ეს თავად მოქალაქეებს დააზიანებთ."

მსგავსი სიახლეები