ლატვიის სეიმმა ქალებზე ძალადობის შესახებ კონვენციიდან ქვეყნის გასვლას მხარი დაუჭირა
 
				ხუთშაბათს, 30 ოქტომბერს, ლატვიის სეიმმა მრავალსაათიანი დებატების შემდეგ, მეორე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი ევროპის საბჭოს კონვენციის (ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ბრძოლის შესახებ), იგივე სტამბოლის კონვენციის, დენონსაციის თაობაზე.
ვითარების არსი: Delfi-ს ცნობით, კანონპროექტს "მხარი დაუჭირა" მთელმა ოპოზიციამ, ხოლო უმრავლესობა უზრუნველყვეს მმართველი კოალიციის, "მწვანეთა და გლეხთა კავშირის" დეპუტატებმა.
- წინააღმდეგი იყვნენ "ახალი ერთობა" და "პროგრესულები."
- გამოცემის ცნობით, პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა 10 დღის ვადაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ხელს მოაწერს თუ არა კანონპროექტს ან დააბრუნებს მას სეიმში ხელახლა განსახილველად.
- სტამბოლის კონვენციიდან ლატვიის შესაძლო გასვლის შესახებ, შეშფოთება ჯერ კიდევ კენჭისყრამდე 15 ევროპული ქვეყნის დიპლომატმა გამოთქვა.
- "სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას ლატვიაში მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა, რაც არ არის მხოლოდ სიტყვები ქაღალდზე, არამედ გადარჩენილი სიცოცხლეებია," – ნათქვამია MARTA ცენტრის 24 სექტემბრის განცხადებაში.
- ცენტრის ცნობით, ლატვიამ კონვენციის წყალობით გაამკაცრა კანონები, რომლებიც ქალებს ძალადობისგან იცავს და დასძინა, რომ მიღებული ზომები "ყოველდღიურად იცავს ადამიანების სიცოცხლეს."
- თუმცა, კონვენციიდან გასვლის მომხრე პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ეროვნული კანონების გამკაცრება სტამბოლის კონვენციის გარეშეც შესაძლებელია. ადამიანის უფლებათა დამცველები კი ამტკიცებენ, რომ ეროვნული კანონები არ არის საკმარისი.
- არასამთავრობო სექტორში აცხადებენ, რომ ლატვიამ კონვენციის წყალობით შეძლო სექსუალური შევიწროების კრიმინალიზება, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის მიღება წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.
- კრიტიკოსებისთვის კი მიუღებელია კონვენციაში გენდერის ცნების არსებობა.
- კონვენციაში გენდერი შეტანილია, რათა ებრძოლოს სტერეოტიპებს და დაუპირისპირდეს ქალის როლის შესახებ საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს. თუმცა, კონცენციის მომხრეების თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ "საბავშვო ბაღებში ყველა გენდერის შეცვლას დაიწყებს, როგორც ამას მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ."
ჩაშლილად: კანონის დამტკიცებას მხარი დაუჭირა 56-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარტიებიდან: "ლატვია უპირველეს ყოვლისა," "ეროვნული გაერთიანება," "გაერთიანებული სია", "სტაბილურობა," ასევე "მწვანეთა და გლეხთა კავშირის" დეპუტატებმა.
- წინააღმდეგი 32 პარლამენტარი იყო: 25 პრემიერ-მინისტრის პარტიიდან, "ახალი ერთობა" და 8 "პროგრესულების" წარმომადგენელი. ორმა პარლამენტარმა თავი შეიკავა.
- სეიმში მწვავე დებატები დილის 10 საათიდან საღამოს 10 საათამდე გრძელდებოდა.
- კანონპროექტის მეორე მოსმენისთვის 17 წინადადება შევიდა, რომლებიც პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიამ ყველა უარყო.
- ცვლილებების ინიციატორები იყვნენ კოალიციური პარტიების, "ახალი ერთობის" და "პროგრესულების" დეპუტატებმა, რომლებიც კონვენციიდან გასვლას არ უჭერენ მხარს.
კონტექსტი: ლატვიის სეიმი წინა კვირიდან განიხილავდა სტამბოლის კონვენციიდან გასვლის კანონპროექტს.
- ოთხშაბათს საღამოს, რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა რიგაში, ლატვიის სეიმის შენობასთან, ევროპის საბჭოს კონვენციიდან (ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ბრძოლის შესახებ) ლატვიის გასვლის გასაპროტესტებლად.
 
         
         
         
         
        