მედია: პატრიარქ კირილის 50 წელია არაოფიციალური ცოლი ჰყავს

რუსულმა დამოუკიდებელმა მედია Проект-მა ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით პატრიარქ კირილს არაოფიციალური ცოლი ჰყავს.

გამოძიების მიხედვით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს 50 წელია ურთიერთობა აქვს ლიდია ლეონოვასთან. 

ჩაშლილად: ლეონოვა კირილის სახლში ცხოვრობს. სასაზღვრო სამსახურის მონაცემების მიხედვით, ის პატრიარქს მოგზაურობებში დაყვება. რუსული პროპაგანდისტული მედიების მტკიცებით, ლეონოვა მღვდელთმსახურის შორეული ნათესავია რაც სიმართლეს არ შეესაბამება. 

  • 2004 წელს ჟურნალ "ოგონიოკში" თეოლოგი ალექსანდრ სოლდატოვი წერდა, რომ ლიდია მიხაილის ასული ლეონოვა (ქორწინებამდე - ხოლოდოვა) "ლენინგრადის კომუნისტური პარტიის რაიონული კომიტეტის მზარეულის ქალიშვილია", რომელთანაც კირილს "თბილი ურთიერთობა" აკავშირებს.

  • "პროექტის" ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ 1971 წელს ლიდია ხოლოდოვამ ვინმე მიხაილ ლეონოვთან შექმნა ოჯახი, რომელიც რამდენიმე წელში დაიშალა, თუმცა ქორწინება ოფიციალურად არ გაუქმებულა. 1984 წელს, როდესაც მომავალი პატრიარქი მსახურებისთვის სმოლენსკში გაგზავნეს, ლეონოვა მასთან ერთად გაემგზავრა.

  • ქსენია ლუჩენკოს მიერ რუსეთის საპატრიარქოზე დაწერილ წიგნში ავტორს მოჰყავს კირილის ძველი ნაცნობის სიტყვები, რომელიც იმ დროს, ჯერ კიდევ მიტროპოლიტის სახლის ხშირი სტუმარი იყო: "ლიდია მის საქმეებში ძალიან ჩართულია. ჩართულია სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობაში, ყურადღებას აქცევს ვისთან არის გასაგზავნი საჩუქარი, ვის დახმარება სჭირდება". ლუჩენკოს რესპოდენტის აზრით, "გულუბრყვილობაა დაიჯერო, რომ ლიდია გარე ბიძაშვილია".

  • 2012 ლეონოვას სახელი პრესაში კიდევ ერთხელ დაიბეჭდა. სკანდალი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო. ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, იური შევჩენკომ, საკუთარ სახლში რემონტის კეთებისას ზედა მეზობლის ბინა დააზიანა, რომელიც პატრიარქ კირილს ეკუთვნოდა, თუმცა სასამართლოში საჩივარი უძრავი ქონების დაზიანების შესახებ ლეონოვასგან შევიდა.

  • მართლმადიდებლური კანონის მიხედვით, პატრიარქს არ აქვს ქორწინების უფლება. რეპუტაციის გადარჩენა, ცნობილ პროპაგანდისტს, ვლადიმირ სოლოვიოვს დაევალა, მან განაცხადა, რომ ბინაში კირილის "გარე ბიძაშვილები" - ლეონოვა და კიდევ ერთი ქალი, ცხოვრობენ, ხოლო რუსული ეკლესიის წინამძღვარს იქ "ერთი დღეც კი არ უცხოვრია". სწორედ აქედან ჩნდება ლეგენდა "პატრიარქის ნათესავის შესახებ".

  • რამდენიმე წლის წინ არქიმანდრიტ ტიხონის შუამდგომლობით გამოიცა კირილის ბიოგრაფია, რომელშიც სახელმწიფო არქივთან თანამშრომლობით თავმოყრილია ცნობები პატრიარქის წინაპრების შესახებ. ლეონოვას (ხოლოდოვას) გვარი წიგნში არ ფიგურირებს.

სიღრმისეულად: ლეონოვას სახელზეა უძრავი ქონების კომპანია "ვლადოლიდი" (ორი სახელის, ვლადიმირის და ლიდიას გაერთიანებით მიღებული სიტყვა. პატრიარქის საერო სახელი ვლადიმირია.). კომპანიას ეკუთვნის 200-მეტრიანი კომერციული ფართი სანქტ-პეტერბურგში.

  • იმავე შენობაში ლეონოვას სახელზეა 120 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა.

  • პატრიარქის სამოქალაქო ცოლის სახელზეა ასევე კოტეჯი და აგარაკი სოფელ სივკოვოში და 60 მილიონი რუბლის ღირებულების ბინა მოსკოვში.

  • "ოჯახის" ავტომობილებიც ლეონოვას სახელზე ფორმდება: 15 წლის წინ ეს იყო Lexus RХ450Н, 2013 წელს BMW Х3, ხოლო 2021 წლიდან BMW X5.

 

მსგავსი სიახლეები