უნგრეთში რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომელს სპეცსამსახურებთან აქვს კავშირი

დამოუკიდებელი მედია "აგენტსტვოს" ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლების თითქმის ნახევარს შესაძლოა სპეცსამსახურებთან აქვს კავშირი.

ვითარების არსი: ოფიციალური მონაცემების თანახმად რუსეთის საელჩოში 47 ადამიანი მუშაობს. 

  • აქედან 15 პირი პირდაპირ კავშირშია სხვადასხვა რუსულ სპეცსამსახურებთან.

  • საელჩოს კიდევ ექვს თანამშრომელზე არსებობს გონივრული ეჭვი.

  • რუსული სპეცსამსახურების ჩართულობა ბუდაპეშტში უფრო მაღალია, ვიდრე მაგალითისთვის ბრიუსელში, რომელშიც NATO-სა და ევროკავშირის მნიშვნელოვანი სტრუქტურების ოფისები მდებარეობს.

  • ჩართულობა მეტყველებს კრემლის მაღალ ყურადღებას უნგრეთის მიმართ, სადაც რამდენიმე დღეში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

ჩაშლილად: მედიას მოყვანილი აქვს რამდენიმე საელჩოს მაღალჩინოსნის ბიოგრაფიის დეტალები, რომლებიც რუსულ სპეცსამსახურებთან მათ კავშირს ადასტურებს.

  • საელჩოს პირველი მრჩეველი ვიაჩესლავ შმიდტი 2011 წელს სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების შტაბში მუშაობდა.

  • კიდევ ერთი მრჩეველი ალექსეი შაპოშნიკოვი 2019-2021 წლებში მუშაობდა "როსსოტრუდნეჩესტვოში", გარდა ამისა, მეგობრების ნაწილს ის ტელეფონში უწერია, როგორც "ლიოშა ФСБ-დან".

  • სავაჭრო წარმომადგენელი სერგეი ლელიუკი 2002-2003 წლებში მუშაობდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივის ფინანსურ განყოფილებაში.

  • მსგავსი კავშირები ასევე აქვთ მრჩეველ იური ჩერნიკოვს, საელჩოს პირველ მდივან მაქსიმ ზნამენსკის, მესამე მრჩევლებს - ალექსანდრ ვერხნევსა და ვიქტორ ბურცევს, სავაჭრო მოადგილის თანაშემწე სერგეი სოლოვიოვს, ატაშეებს - პაველ ზინოვიევს, ვიტალი კოზიაკინსა და პაველ გაპონიუკს ასევე კონსულტანტ ალექსანდრ კურკოვს.

  • გარდა ამისა საელჩოში რამდენიმე სამხედროც მუშაობს: სამხედრო ატაშე ალექსეი ზარუდნევი, მისი მოადგილე ვადიმ იურჩენკო და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი შერალი მამასოლიევი.

  • ზოგიერთ თანამშრომელს რუსულ სპეცსამსახურებთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, მაგრამ მათი რეგისტრაციის ადგილი, მიღებული განათლება და ძველი სამსახურები გონივრულ ეჭვს ბადებს. მაგალითისთვის ერთ-ერთი მდივანი პაველ ცვეტოვი მუშაობდა კომპანიაში, რომელშიც სპეცსამსახურების არაერთი აგენტი იღებდა ხელფასს.

კონტექსტი: 12 აპრილს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

  • 16 წლის განმავლობაში პირველად ვიქტორ ორბანი და მისი პარტია ძალაუფლების დაკარგვის რეალური საშიშროების წინ დგას.

  • ორბანის მთავარი მეტოქეა ევროპარლამენტარი, პარტია "პატივისცემისა და თავისუფლების" ლიდერი პიტერ მადიარი.

მსგავსი სიახლეები