NBC: დღეს რონ დესანტისი ილონ მასკთან ერთად გამოაცხადებს, რომ კენჭს იყრის

ამერიკული NBC-ის ცნობით, ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი დღეს გამოაცხადებს, რომ რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობისთვის იყრის კენჭს.

გამოცემის თანახმად, რონ დესანტისი განცხადებას ტვიტერზე გასამართი დისკუსიისას გააკეთებს.

დისკუსია ვაშინგტონის დროით საღამოს ექვს საათზე (თბილისის დროით დილის ორი საათი) დაიწყება და რონ დესანტისთან ერთად, მასში მონაწილეობას მიიღებს ტვიტერის მფლობელი და მსოფლიოს მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანი, ილონ მასკი.

ტესლას და სპეის-იქსის აღმასრულებელი დირექტორი ბოლო ხანებში დემოკრატიული პარტიის მიმართ უკმაყოფილებას არ მალავს. გარდა ამისა, მან საჯაროდ თქვა, რომ 2022 წლის შემოდგომის კონგრესის არჩევნებზე ხმა რესპუბლიკელების კანდიდატს მისცა.

თუმცა როგორც NBC წერს, ილონ მასკი ამ ეტაპზე არ გეგმავს, რონ დესანტისს საჯაროდ დაუჭიროს მხარი, იმისდა მიუხედავად, რომ სჯერა, დონალდ ტრამპი 2024 წელს გამარჯვებას ვერ შეძლებს.

დისკუსიის შემდეგ რონ დესანტისი კამპანიის პირველ ვიდეოს გაავრცელებს, თვის ბოლოდან კი სხვადასხვა შტატში ვიზიტებს დაიწყებს.

ამავდროულად ფლორიდაში რონ დესანტისის მსხვილი დონორების შეკრებაც გაიმართება.

ამჟამად, რესპუბლიკელებს შორის ჩატარებული გამოკითხვებით, დონალდ ტრამპი დიდი სხვაობით ლიდერობს. Real Clear Politics-ის 22 მაისის შეჯამების თანახმად, რესპუბლიკელების 56.3% ფიქრობს, რომ 2024 წელს პარტიის კანდიდატი კვლავ ექს-პრეზიდენტი უნდა იყოს.

ფლორიდის გუბერნატორ დესანტისს ამჟამად 19.4%-იანი მხარდაჭერა აქვს.

 

მსგავსი სიახლეები