პოკროვსკში რუსების ინფლიტრაცია გრძელდება - რა ხდება ფრონტის ურთულეს მონაკვეთზე
უკრაინული წყაროები ქალაქ პოკროვსკში რუსი ჯარისკაცების განგრძობად ინფილტრაციის შესახებ იუწყებიან, მათი თქმით ქალაქის უმეტეს ტერიტორიაზე არცერთ არმიას არ აქვს მყარი კონტროლი.
ვითარების არსი: უკრაინული OSINT პროექტის, Deep State-ის თავის უკანასკნელ კრებში პოკროვკის ფარგლებში საოკუპაციო არმიის წინსვლაზე წერს და ქალაქს ერთ დიდ ნაცრისფერ ზონას უწოდებს.
- საყურადღებოა, რომ საუბარი არ არის ქალაქის ალყაზე, რომლის შესახებაც ვლადიმირ პუტინმა ჯერ კიდევ გასულ კვირას განაცხადა.
- გასულ საათებში უკრაინის სამხედრო დაზვერვის (ГУР) ის სპეციალური დანიშნულების რაზმმა გამოაქვეყნა პოკროსვკში მიმდინარე სპეცოპერაციის კადრები, სადაც ასახულია საჰერო დესანტის გადასხმა და ქვედანაყოფის მუშაობა ქალაქის ტერიტორიაზე.
ჩაშლილად: "გუშინდელი მონაცემებით, რუსი სამხედროები წარმოდგენილები არიან ქალაქის ყველა უბანში, კარგი ამბები არ გვაქვს. ვითარება დაძაბულია, რუსები ვერ აკონტროლებენ მთლიანად ქალაქს, ბრძოლები მიმდინარეობს"- წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო, არტიომ კარიაკინი.
- მისი თქმით, რუსები კვლავ ცდილობენ ქალაქის ირგვლივ შექმნილი ნახევარრკალის სრულად ჩაკეტვას.
- ქალაქში შექმნილი "სამწუხარო ვითარების" შესახებ წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფიც - "ოკუპანტები დიდი ოდენობით ცოცხალი ძალით გვაწვებიან. მათი გადაადგილების ინტენსიურობა იმდენად მაღალია, რომ ოპერატორები დრონების აფრენას ვერ ასწრებენ."
- ამავე წყაროს ცნობით, ქალაქში რუსების მცირე, 3-4-კაციანი დაჯგუფებები მოქმედებენ და დღის განმავლობაში შესაძლოა ასობით ასეთი ჯგუფი იყოს აქტიური.
- შექმნილ ვითარებაში წყაროების ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარიამოცანა ქალაქის შენარჩუნებაზე მეტად "ოკუპანტების შეტევის შეკავებაა."
წინარე ისტორია: პოკროვსკი გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული საოკუპაციო არმიის მთავარი სამიზნე და იერიშის ცენტრალური მიმართულებაა - ქალაქზე რამდენიმე საავტომობილო და სარკინიგზო კვანძი გადის.
- პოკროვსკის შემოგარენს რუსული არმიის მოწინავე დაჯგუფებები ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე მიუახლოვდნენ, მალევე ქალაქიდან ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოცხადდა, არაერთი სამხედრო ექსპერტი პროგნოზირებდა, რომ ქალაქი რამდენიმე თვეში დაეცემოდა.
- მიუხედავად ამისა, მიმდინარე წლის დასაწყისში უკრაინულმა არმიამ წერტილოვანი კონტროშეტევებით მოახერხა ქალაქთან მისასვლელი გზების გათავისუფლება და ამ დროის განმავლობაში ინარჩუნებდა კონტროლს უშუალოდ ქალაქის სრულ ტერიტორიაზე.
- უკრაინული წყაროების ცნობით, მიმდინარე წლის ზაფხულიდან მოყოლებული პოკროვსკის მიმართულებით მოქმედმა რუსულმა დანაყოფებმა ტაქტიკა შეცვალეს - მსხვილი მექანიზებული კოლონებით შეტევის ნაცვლად მცირე ქვეითთა დაჯგუფებების გამოყენება დაიწყეს.
- უკრაინულ არმიაში ცოცხალი ძალის დეფიციტის ფონზე ასეთმა ტაქტიკამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო და გასულ კვირას ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე ასეული რუსი ჯარისკაცი შეიჭრა.
- დრონების და სარაკეტო დარტყმებით თითქმის სრულად განადგურებულ ქალაქში ამ დრომდე 1200 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება.
დიდი სურათი: პოკროვსკ-მირნოჰრადის ალყაში მოქცევის შესახებ რუსეთის გენშტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა ვლადიმირ პუტინს 26 ოქტომბერს გამართულ თათრბირზე მოახსენა.
- მომდევნო დღეებში ალყის შესახებ რამდენიმეჯერ განაცხადა ვლადიმირ პუტინმა, მეტიც რუსეთის პრეზიდენტმა პროპაგანდისტული მიზნებით ქალაქში უცხოეული ჟურნალისტების შეშვების მზაობაც გამოთქვა.
- სრული ალყის შესახებ სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელების განცხადებებს სკეპტიკურად გამოეხმაურნენ რუსი ტელეგრამ Z-ბლოგერების რიგებშიც.
- მიუხედავად ამისა, უკრაინული წყაროების ცნობით პოკროვსკში მოქმედი უკრაინული დანაყოფების მომარაგების გზები პრაქტიკულად საოკუპაციო არმიის საცეცხლე კონტროლს ექვემდებარება.
- ჰაერში რუსული დრონების დომინაციის ფონზე მომარაგების გზებით სარგებლობა პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო მომარაგება და დაჭრილების ევაკუცია ქვეითად, სახმელეთო და საჰაერო სატვირთო დრონებით მიმდინარეობს.
დაეწიე ამბავს: როგორც ჩანს სწორედ რუსების ინფილტრაციის ბლოკირების მიზნით ქალაქში უკრაინის სამხედრო დაზვერვის (ГУР-ის) მცირე დესანტი გადასხეს.
- ამის შესახებ თავდაპირველად საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა დაწერა, მოგვიანებით დაადასტურეს უკრაინსკა პრავდა და BBC-ის უკრაინული სამსახურის წყაროებმა უკრაინულ სპეცსამსახურებში.
- ამავე წყაროების ცნობით, საუბარი ოპერაციას ადგილიდან ხელმძღვანელობის სამხედრო დაზვერვის დირექტორი, კირილო ბუდანოვი - გავრცელებულ კადრებზე, რომლის გადაღების ლოკაციაც არ არის ვერიფიცირებული ჩანს Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენი საიდანაც 11 უკრაინელი სპეცრაზმელი გადმოდის.
კონტექსტი: პოკროვსკის დაცემის შემთხვევაში ეს 2023 წლის გაზაფხულზე, ბახმუტის აღებიდან მოყოლებული რუსეთის არმიის მიერ დაკავებული უმსხვილესი ქალაქი იქნება - სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე ქალაქის მოსახლეობა 60 ათასს აღემატებოდა.