პოლონეთი ჭურვების წარმოების გაფართოებას აპირებს

უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ფონზე, პოლონეთის ხელისუფლება საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოების სტიმულირებას აპირებს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ 29 მარტს განაცხადა, რომ საბრძოლო მასალის წარმოების ახალი ეროვნული პროგრამის განსახორციელებლად, მთავრობა 2 მილიარდ ზლოტს (დაახლოებით 427 მილიონი ევრო) გამოყოფს ადგილობრივი და უცხოელი მწარმოებლების მხარდასაჭერად.

გარდა ამისა, პოლონეთის მთავრობა 12 მილიარდი ზლოტის (2.6 მილიარდი ევრო) ღირებულების 800 000 საარტილერიო ჭურვს შეუკვეთავს.

მორავიეცკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში ბრძოლების ბოლო თვეებმა პოლონეთს და მის დასავლელ მოკავშირეებს აჩვენა, რა რაოდენობის საარტილერიო საბრძოლო მასალა გამოიყენება ბრძოლის ველზე. მისი თქმით, ეს რიცხვი ბევრად აღემატება საფრანგეთის, გერმანიისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების წარმოების ამჟამინდელ სიმძლავრეს.

პოლონეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ 155 მმ-იან ან 120 მმ-იან ჭურვებზე დიდი მოთხოვნის გამო, ქარხნები მარტივად და სწრაფად შეძლებენ მათ გაყიდვას.

მორავიეცკიმ აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ მიღებული საბრძოლო მასალის წარმოების ეროვნული პროგრამა 1-2 წელზეა გათვლილი.

მსგავსი სიახლეები