რა მიიღო ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ?
13 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბელარუსში 123 პოლიტპატიმარი შეიწყალეს. ეს რიგით მესამე მსხვილი შეწყალებაა, რომელსაც ლუკაშენკოს რეჟიმმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის შუამდგომლობით ხელი მოაწერა.
ჩაშლილად: ლუკაშენკოს ხელისუფლებამ ამ ჯერზე პატიმრობიდან "დიდი სახელები" გაათავისუფლა: მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი უფლებადამცველი ალეს ბელიაცკი, 2020 წლის არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქტორ ბაბარიკო და მისი თანამებრძოლი მარია კოლესნიკოვა.
- პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ, აშშ-მ ბელარუსს კალიუმზე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღებული სანქციები მოუხსნა.
- ბელარუსი კალიუმს იყენებს სასუქების წარმოებისთვის, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგია.
- გარდა ამისა, 4 ნოემბერს აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ სანქციები მოუხსნა ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანიას.
წინარე ისტორია: მინსკსა და ვაშინგტონს შორის თანამშრომლობის აღდგენის პირველი ნაბიჯი კიტ კელოგის სტუმრობა იყო, რომელიც ბელარუსის დედაქალაქს მიმდინარე წლის 21 ივნისს ესტუმრა. დიპლომატიური ბლოკადის დასრულების ნიშნად, ლუკაშენკომ 14 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა.
- შემდეგი მასობრივი გათავისუფლება 11 სექტემბერს მოხდა. შეიწყალეს 51 პოლიტპატიმარი, სანაცვლოდ აშშ-მ ბელარუსს სამოქალაქო ავიაციისთვის საჭირო, Boeing-ის წარმოების სათადარიგო ნაწილების შეძენაზე სანქციები მოუხსნა.
რასთან გვაქვს საქმე: სამი მსხვილი შეწყალების მიუხედავად, ლუკაშენკოს რეჟიმის ტყვეობაში ათასამდე პოლიტპატიმარი რჩება.
- დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, ჯონ კოულის თქმით, დარჩენილი პატიმრები შესაძლოა ერთ ჯგუფად გათავისუფლდნენ.
- კოულის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში ბელარუსის წინააღმდეგ მიღებული სანქციების დიდი ნაწილი გაუქმდება.
- თუმცა ათასამდე პატიმარს შორის არ არის დარჩენილი არავინ, ვისი გათავისუფლება ტრამპის ადმინისტრაციის ინტერესებში შედის.
- ბელარუსის ტყვეობაში რჩება პოლონელი აქტივისტი ანდჟეი პოჩობუტი. მისი გათავისუფლებით ვარშავაა დაინტერესებული, შესაძლოა ბელარუსმა პოჩობურის სანაცვლოდ რამე შეღევათი პოლონეთისგანაც მიიღოს.