რუს ოპოზიციონერ ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

კრემლის ცნობილ კრიტიკოსს განაჩენი სამ საქმეზე გამოუტანეს, მათ შორის სახელმწიფოს ღალატი, არმიის დისკრედიტაცია და არასასურველ ორგანიზაციაში საქმიანობა. 

მოსკოვის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ვლადიმირ კარა-მურზა უმცროსს 25 წლის ვადით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში თავისუფლების აღკვეთა და 400 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. 

სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, დაცვის მხარემ ორჯერ ითხოვა მოსამართლის აცილება, ვინაიდან სერგეი პოდოპრიგოვი მაგნიტსკის აქტის ფარგლებში 2017 წელს აშშ-ს ხაზინამ სწორედ კარა-მურზას მითეთებით დაასანქცირა. 

თავის ბოლო სიტყვაში კარა-მურზამ განაცხადა, რომ ის პოლიტიკური დევნილია და არაფერს ნანობს - "ხელს ვაწერ თითოეულ სიტყვას, რომელიც წარმომითქვამს და რომლის გამოც ბრალს მდებენ."

კარა მურზას თქმით, როგორც წესი ბოლო სიტყვას ბრალდებულები სამართლიანი განაჩენისთვის ითხოვენ, თუმცა თვითონ ამის იმედი არ აქვს. "მე ვიცი ჩემი განაჩენი, მე ვიცოდი ის ჯერ კიდევ 1 წლის წინ, როდესაც ჩემი ავტომობილის სარკეში შავ ფორმაში ჩაცმული ხალხი დავინახე."

კონტექსტი 

ვლადიმირ კარა-მურზა უმცროსი ჟურნალისტი, პოლიტიკოსი და პუბლიცისტია. წლების განმავლობაში ის ხელმძღვანელობდა ბორის ნემცოვის ფონდს, ასევე მიჰყავდა სხვადასხვა გადაცემები დამოუკიდებელ რუსულ მედიებში. 

რუსეთის სპეცსამსახურებმა კარა-მურზა ორჯერ მოწამლეს, თუმცა წარუმატებლად. ოპოზიციონერი გასული წლის თებერვალში პოლიციელიებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააპატიმრეს. 

მოგვიანებით რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კარა-მურზას წინააღმდეგ რამდენიმე პოლიტიკურად მოტივირებული საქმე აღძრა, მათ შორის სახელმწიფო ღალატის ბრალდებით. 

 

მსგავსი სიახლეები