რუსეთი შაქრის ექსპორტს დროებით კრძალავს

რუსეთის მთავრობამ ქვეყნიდან ლერწმისა და ჭარხლის შაქრის, ასევე ქიმიურად სუფთა საქაროზის ექსპორტი დროებით აკრძალა.

რუსეთის მთავრობის ოფიციალურ Telegram არხზე 3 მაისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება "მიზნად ისახავს სურსათის შიდა ბაზრის სტაბილურობის შენარჩუნებას."

შეზღუდვები ძალაში მინიმუმ 2024 წლის 31 აგვისტომდე იქნება.

აკრძალვა არ შეეხებათ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს - რუსეთის ხელისუფლებამ დაუშვა მათთვის შაქრის გარკვეული მოცულობით მიწოდება. ამგვარად, ზაფხულის ბოლოსთვის ნებადართულია 120 ათასი ტონა შაქრის ყაზახეთში შეტანა, 28.5 ათასი ტონა - ყირგიზეთში, 28 ათასი ტონა - სომხეთში, 5 ათასი ტონა - ბელორუსიაში.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მარტში რუსეთიდან შაქრის ექსპორტის შეზღუდვა მოითხოვა. მან აღნიშნა, რომ რუსული შაქარი "ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომია მსოფლიოში, რაც ასტიმულირებს მასზე მოთხოვნას მსოფლიო ბაზარზე."

რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, 2023 წლის 1 აგვისტოდან 2024 წლის თებერვლის ბოლომდე რუსეთის ფედერაციამ 700 ათას ტონაზე მეტი შაქარი გაიტანა ექსპორტზე - 3.3-ჯერ მეტი, ვიდრე ერთი წლის წინ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ამ პერიოდში რუსეთიდან შაქრის შემოტანა დაიწყეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა თურქმენეთი, ავღანეთი, თურქეთი, ჩრდილოეთ კორეა და სენეგალი.

მსგავსი სიახლეები