სახდეპი: ვეწინააღმდეგებით ისრაელის დასახლებების გაფართოებას

 

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია ისრაელის ხელისუფლების გეგმას ეწინააღმდეგება, რომლითაც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, პალესტინის ტერიტორიაზე ებრაული დასახლებების გაფართოება იგეგმება. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

ისრაელის მთავრობა დასავლეთ ნაპირზე 3000 ახალი სახლის აშენებას აპირებს. თუმცა, მათი თქმით, 1600 სახლის აშენების უფლებას პალესტინელებსაც მისცემენ.

პრაისმა აღნიშნა ისიც, რომ ამერიკა "ღრმად შეშფოთებულია" ათასობით ახალი სახლის მშენებლობის დაწყებით:

"ჩვენ ვეწინააღმდეგებით დასახლებების გაფართოებას, რადგან ეს ხელს არ უწყობს დაძაბულობის განმუხტვას და ორი სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა. ჩვენ ვაგრძელებთ ამ საკითხის დაყენებას პირდაპირ ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრისას."

პალესტინის ტერიტორიის ეს ნაწილი, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირი, 1967 წლიდან ისრაელის მიერ ოკუპირებულია.

 

 

 

მსგავსი სიახლეები