საქმე ლაპარაკის შემდეგ - ტრამპმა უკრაინას მისცა წვდომა სადაზვერვო მონაცემებზე
რუსეთის მიმართ რიტორიკის გამკაცრების შემდეგ, ამერიკელმა პრეზიდენტმა პირველი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მისი ადმინისტრაციის პოლიტიკის რეალურ ცვლილებაზე მიუთითებს.
ვითარების არსი: Wall Street Journal-ის წყაროების ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა უკრაინას მისცა წვდომა სადაზვერვო მონაცემებზე, რომელიც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებისთვისაა საჭირო.
- პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საუბარია სადაზვერვო მონაცემებზე, რომლებიც არა მხოლოდ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევებისთვის არის საჭირო, არამედ სარაკეტო დარტყმებისთვისაც.
- ავტორების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციის შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა უკრაინისთვის უფრო შორეული შეიარაღების გადაცემაზე თანხმობა იყოს.
ჩაშლილად: წყაროების ცნობით, გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში სკანდალური პოსტის გამოქვეყნებამდე მიიღო.
- "უკრაინასთან სადაზვერვო მონაცემების გაცვლის გაფართოება ჯერჯერობით ბოლო დასტურია იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აძლიერებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას ჩიხში შესული სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე"- ნათქვამია პუბლიკაციაში.
- გაზეთის მიერ გამოკითხული სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ამერიკელი პრეზიდენტის გადაწყვეტილების შედეგად უკრაინას ექნება საშუალება უფრო ეფექტურად შეუტიოს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ელექტროსადგურებს, მილსადენებსა და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებს.
სტრიქონებს შორის: გარდა ამისა, ცნობილია რომ ტრამპის გუნდი განიხილავს უკრაინისთვის შორეული მოქმედების რაკეტების გადაცემის საკითხს. საუბარია "ტომაჰავკის" და "ბარაკუდას" ტიპის ფრთოსან რაკეტებზე. რაკეტების სხვადასხვა მოდიფიკაციებს 800 და 2500 კმ-მდე ფრენა შეუძლიათ.
- სადაზვერვო მონაცემების მიმოცვლის გაფართოებისა და შორეული მოქმედების იარაღის მიღების შემთხვევაში, უკრაინა შეძლებს გაცილებით უფრო მწვავე დარტყმა მიაყენოს რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, რომელიც საბიუჯეტო შემოსავლებისა და, შესაბამისად, ომის დაფინანსების მთავარი წყაროა.
კონტექსტი: სექტემბრის მიწურულს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ რუსეთის მიმართ მისი მიდგომა იცვლება - "ყველა ფიქრობდა, რომ რუსეთი ამ ომში 3 დღეში გაიმარჯვებდა, მაგრამ ეს არ მოხდა"- თქვა ტრამპმა.
- გარდა ამისა, გასულ თვეებთან შედარებით იცვლება ტრამპის მიდგომა უკრაინის განკარგულებაში არსებული შეიარაღების გამოყენებაზეც - შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე ტრამპის ადმინისტრაციამ შეწყციტა სადაზვერვო მონაცემების მიწოდება რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებთან დაკავშირებით და ასევე "ატაკამსის" ტიპის ბალისტიკური რაკეტების გადაცემა.