დემოკრატი ზოჰრან მამდანი ნიუ-იორკის მერად აირჩიეს
დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, 34 წლის ზოჰრან მამდანი სამშაბათს ნიუ-იორკის მერად აირჩიეს.
ვითარების არსი: მამდანიმ ხმების 50.4% მიიღო, ნიუ-იორკის ყოფილმა გუბერნატორმა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა ენდრიუ კუომომ - 41.6%, ხოლო რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა კერტის სლივამ - 7.1%.
- "გასული 12 თვის განმავლობაში თქვენ გაბედეთ, რომ რაღაც უფრო დიდისთვის მიგეღწიათ," - განუცხადა მან თავის მხარდამჭერებს გამარჯვების შემდეგ. "ამაღამ, ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ მივაღწიეთ ამას. მომავალი ჩვენს ხელშია."
- მამდანი დემოკრატიული პარტიის პროგრესული ფრთის წარმომადგენელია და საკუთარ თავს "დემოკრატ სოციალისტს" უწოდებს.
- ამ გამარჯვებით, მამდანი ისტორიაში შევიდა, როგორც ქალაქის პირველი მუსლიმი მერი, პირველი სამხრეთ აზიური წარმოშობის მერი და პირველი აფრიკაში დაბადებული.
- ის ასევე გახდება ქალაქის ყველაზე ახალგაზრდა მერი ერთ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში.
ჩაშლილად: "ნიუ-იორკო, შეიგრძენი ეს მომენტი," - თქვა მამდანიმ. "ჩვენ ვსუნთქავთ ხელახლა დაბადებული ქალაქის ჰაერს."
- მამდანის მოულოდნელი აღმასვლა დიდი გამარჯვებაა დემოკრატიული პარტიის უფრო მემარცხენე, პროგრესული ფრთისთვის.
- საინტერესოა ეს გამარჯვება რა გავლენას მოახდენს დემოკრატიულ პარტიაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით და რა სტრატეგიას აირჩევს პარტია დონალდ ტრამპთან დაპირისპირებისას.
დიდი სურათი: ქალაქის საარჩევნო საბჭოს ცნობით, ნიუ-იორკის მერის არჩევნებში ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც ყველაზე მაღალი აქტივობაა 1969 წლის შემდეგ.
- კამპანიამ დემოკრატიულ პარტიაში თაობათა და იდეოლოგიური განხეთქილება კიდევ ერთხელ გამოავლინა.
- დემოკრატი კანდიდატი ზოჰრან მამდანის ძირითადი აქცენტი წინასაარჩევნო კამპანიისას სოციალურ საკითხებზე, ფასების ზრდაზე და ხელმისაწვდომობაზე ჰქონდა აქცენტი: ნიუ-იორკში პირველი უნივერსალური ბავშვზე ზრუნვის პროგრამის შექმნა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასო ავტობუსები, ნიუ-იორკის 1 მილიონი მაცხოვრებლისთვის ქირის გაყინვა, გადასახადის დაწესება ქალაქის უმდიდრესი მოსახლეობისთვის და ქალაქის მოგების გადასახადის განაკვეთის გაზრდა.
- ნიუ-იორკის გუბერნატორმა მამდანის მხარდაჭერა გამოუცხადა, მაგრამ განაცხადა, რომ ის არ დაუჭერს მხარს გადასახადის ზრდას მდიდარი მოქალაქეებისთვის, რადგან მისი აზრით, არ სურს, რომ ბიზნესმენებმა შტატი დატოვონ.
კონტექსტი: 34 წლის მამდანის ძალიან ბევრი პოლიტიკოსი აკრიტიკებდა, როგორც რესპუბლიკურ პარტიაში, ასევე დემოკრატებიც.
- წარსულში ის აცხადებდა, რომ ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის დაფინანსება უნდა შეემცირებინათ, ასევე მკაცრად აკრიტიტიკებდა ისრაელის სამხედრო კამპანიას ღაზაში.
- მოგვიანებით, ის პოლიციის შესახებ მისი ძველი განცხადებებიდან დისტანცირდა.
- წინასაარჩევნო კამპანიისას მან პირობა დადო, რომ მერის რანგში ქალაქის პოლიციის დეპარტამენტს დაავალებს ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრებას, თუ ის ნიუ-იორკს ეწვევა.