ტრამპის გამოსვლის რედაქტირების გამო, BBC-ის გენერალური დირექტორი გადადგა
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპი გამოსვლის რედაქტირების გამო, გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, BBC-ის გენერალური დირექტორი ტიმ დეივი თანამდებობიდან გადადგა.
ვითარების არსი: 9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ტიმ დეივიმ BBC-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა.
- დეივის წასვლის მიზეზი გადაცემა Panorama-ში გასული დონალდ ტრამპის ვიდეო გახდა.
- დეივი BBC-ში 2005 წლიდან მუშაობდა, ხოლო ხელმძღვანელის თანამდებობას 2020 წლის სექტემბრიდან იკავებდა.
- თანამდებობა ასევე დატოვა BBC News-ის მთავარმა რედაქტორმა, დებორა ტერნესმა.
ჩაშლილად: ვიდეო ტრამპის ორი სხვადასხვა გამოსვლის მონტაჟია, ეთერში გასვლის შემდეგ, მაყურებელს შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს აშშ-ს პრეზიდენტი 2021 წელს მომხდარ, კაპიტოლიუმზე თავდასხმას ამართლებს.
- ვიდეოზე ცოტა ხნით ადრე ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მედიამ, მათ შორის გამოცემა The Telegraph-მა.
- საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ სიუჟეტს ასევე გამოეხმაურა ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერი კემი ბადენოკი და პასუხისმგებელი პირების გადადგომა მოითხოვა.
- ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიამ ტიმ დეივის განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ: "ისევე, როგორც სხვა სახელმწიფო ორგანიზაციები, BBC იდეალური არ არის, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ გამჭვირვალე და ღია. თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, BBC News-ის გარშემო დაწყებულმა დისკუსიამ, გასაგები მიზეზების გამო, იმოქმედა ჩემს გადაწყვეტილებაზე. მთლიანობაში BBC კარგად მუშაობს, მაგრამ დაშვებულ იქნა რიგი შეცდომები და როგორც გენერალურმა დირექტორმა, უნდა ავიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა".
კონტექსტი: 2021 წლის 6 იანვარს, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა შტურმით აიღეს კაპიტოლიუმის შენობა, სადაც აშშ-ს კონგრესი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცებას აპირებდა, ამ არჩევნებში ტრამპის კონკურენტმა, დემოკრატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. არეულობის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი.