ტრამპი 5-ათასი ჯარისკაცით შეამცირებს ამერიკის სამხედრო კონტინგენტს გერმანიაში
ფრიდრიხ მერცთან ურთიერთობების დაძაბვის ფონზე, დონალ ტრამპმა აღასრულა ცოტა ხნის წინ გაჟღერებული მუქარა და გერმანიიდან 5-ათასი ამერიკელი სამხედროს გაყვანის ბრძანება გასცა.
ვითარების არსი: ამის შესახებ საუბარია პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის განცხადებაში.
- "ჯარისკაცების გამოყვანის პროცესი დასრულდება 6-დან 12-თვემდე ვადაში"- თქვა პარნელმა.
ჩაშლილად: ინფორმირებული წყაროების ცნობით, საუბარია 1 მთლიან ბრიგადაზე, ასევე გაუქმდა ბაიდენის პრეზიდენტობის დროს მიღებული გადაწყვეტილება ქვეყანაში შორეული კონვენციური შეიარაღების მქონე ბატალიონის განლაგების შესახებ.
- ქვეყანაში ამერიკის შორეული შეიარაღების განლაგება 2024 წელს ვაშინგტონში გამართულ ნატოს სამიტზე გადაწყდა, რამაც ვლადიმირ პუტინის გაღიზიანება გამოიწვია, რომელსაც ვითარებამ ცივი ომი გაახსენა.
წინარეისტორია: გერმანიის კანცლერსა და ამერიკის პრეზიდენტს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 27 აპრილს სტუდენტებთან საუბარში, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ირანთან ომის დასრულების ეფექტური სტრატეგია არ აქვს.
- "ირანელი ლიდერები და რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ამცირებენ ამერიკელ ხალხს"- თქვა მერცმა.
- ფრიდრიხ მერცს დონალდ ტრამპმა პირველად მომდევნო დღეს უპასუხა და განაცხადა, რომ "მერცმა არ იცის რაზე ლაპაკობს."
მეორე მხარე: ტრამპის მხრიდან გერმანიიდან ჯარების მუქარის შემდეგ ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მზად არის დიალოგისთვის და მისთვის როგორც "ერთგული ტრანსატლანტიკოსისთვის" განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობები ვაშინგტონთან.
- პრობლემის "პარტნიორულ და მოკავშირეულ" სულისკვეთებაში გადაწყვეტის მზაობის შესახებ განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა.
დიდი სურათი: გერმანია კონტინენტურ ევროპაში ამერიკის უმსხვილეს სამხედრო ინფრასტრუქტურას მასპინძლობს, რომელიც ცენტრალურ როლს ასრულებს ამერიკის სამხედრო ოპერაციების ლოჯისტიკის უზრუნველყოფაში მათ შორის ახლო აღმოსავლეთშიც.
- ქვეყანაში ამერიკის მსხვილი სამხედრო და საწვრთნელი ბაზის გარდა მოქმედებს უმსხვილესი ამერიკული სამხედრო ჰოსპიტალი, რომელშიც მათ შორის ირანთან მიმდინარე ომში დაშავებულ ჯარისკაცებს მკურნალობენ.
- ამ დროისთვის გერმანიაში 30-დან 35 ათასამდე ამერიკელი სამხედრო იმყოფება.
კონტექსტი: საყურადღებოა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დონალდ ტრამპი გერმანიაში სამხედრო კონტინგენტის შემცირებაზე საუბრობს.
- მეტიც, თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის მიწურულს 2020 წელს ტრამპმა გერმანიიდან 12 ათასი ჯარისკაცის გამოყვანის ბრძანება გასცა - მიზეზი კანცლერ მერკელის მთავრობასთან თავდაცვის ხარჯებისა და უსაფრთხოების სხვა საკითხებზე არსებული უთანხმოება იყო.
- ტრამპის გადაწყვეტილება მალევე კონგრესმა დაბლოკა, ხოლო 2021 წელს საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვების შემდეგ ჯო ბაიდენმა ბრძანება საბოლოოდ გააუქმა.