აშშ-ის ბლოკადის ფონზე, თეირანმა ომის დასრულების გეგმაზე პასუხი წარადგინა - Axios

Axios-ის რეგიონული წყარო ადასტურებს, რომ ირანმა ომის დასრულების გეგმასთან დაკავშირებით აშშ-ის ბოლო შესწორებებზე პასუხი უკვე წარადგინა.

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios-ი აქვეყნებს.

ვითარების არსი: ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავს, თეირანის ეს ნაბიჯი მიანიშნებს, რომ დიპლომატიური პროცესი სრულად არ გაყინულა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ტრამპი კვლავ ინარჩუნებს საზღვაო ბლოკადას და ირანის წინააღმდეგ ახალ სამხედრო მოქმედებებსაც განიხილავს.

  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, პასუხი ვაშინგტონს ხუთშაბათს, პაკისტანელი შუამავლების მეშვეობით გადაეცა.

დაეწიე ამბავს: შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნისა და ომის დასრულების წინადადება შესთავაზა, სადაც ბირთვული მოლაპარაკებები შემდგომი ეტაპისთვის იყო გადადებული.

  • თუმცა, ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, Axios-ი წერს, რომ ორშაბათს სტივ ვიტკოფმა შესწორებების სია გააგზავნა, რომლის მიზანიც პროექტში ბირთვული საკითხის დაბრუნება იყო. 
  • ერთ-ერთი მოთხოვნის თანახმად, მოლაპარაკებების პროცესში ირანმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ დაბომბილი ობიექტებიდან გამდიდრებულ ურანს არ გაიტანს და ამ ლოკაციებზე საქმიანობას არ განაახლებს.
  • პრეზიდენტმა ტრამპმა ხუთშაბათს ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანელებს შეთანხმების მიღწევა ძალიან სურთ, თუმცა პრობლემას ის ქმნის, რომ ბოლომდე ნათელი არ არის, ვინ არიან იქ რეალური ლიდერები.
  • ირანული მხარე კი საპირისპიროს ამტკიცებს და აცხადებს, რომ შეთანხმებაზე თავად ტრამპია დამოკიდებული.

კულისებს მიღმა: ბარაკ რავიდი აღნიშნავს, რომ ხუთშაბათს ტრამპმა თეთრი სახლის სათათბირო ოთახში ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან 45-წუთიანი შეხვედრა გამართა.

  • შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი.
  • ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, CENTCOM-ის (აშშ-ის ცენტრალური სარდლობა, რომლის პასუხისმგებლობაში შედის ირანი) სარდალმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა და გენშტაბის უფროსმა, გენერალმა დენ კეინმა, პრეზიდენტსა და მის გუნდს ირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო მოქმედებების ახალი გეგმები გააცნეს.

მსგავსი სიახლეები