დარღვევების ფონზე ჩატარებულ სერბეთის არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

სერბეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის პარტიამ გაიმარჯვა.

ხმების 95%-ის დათვლის შემდეგ, მმართველ "სერბეთის პროგრესის პარტიას" 47% აქვს, ოპოზიციურ ალიანს "სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ" - 23%.

ამგვარად, მმართველი პარტია 250 ადგილიან პარლამენტში 128 მანდატს მიიღებს, რაც უმრავლესობის დამოუკიდებლად ჩამოსაყალიბებლად საკმარისი იქნება.

2012 -

ქვეყნის მასშტაბით, არჩევნებში ამომრჩევლების 59.1%-მა მიიღო მონაწილეობა.

ალექსნადრ ვუჩიჩის პარტია სერბეთს 2012 წლიდან მართავს. სახელისუფლებო პარტიის მთავარი მეტოქე, "სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ", რამდენიმე თვის წინ ჩამოყალიბდა.

მის შექმნას წინ უძღოდა ორი მასობრივი მკვლელობა ამა წლის მაისში, რომელსაც ჯამში 19 ადამიანი ემსხვერპლა.

დამკვირვებლები ელობოდნენ, რომ ოპოზიცია მმართველ პარტიას ყველაზე მეტ პრობლემას ბელგრადში შეუქმნიდა - გუშინ სერბეთში საპარლამენტოსთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც ჩატარდა.

თუმცა წინასწარი მონაცემებით, სახელისუფლებო პარტია მცირე სხვაობით ბელგრადსაც იგებს - მათ ქალაქის საკრებულოში 48 მანდატი აქვთ, ოპოზიციას კი - 43.

"ეს აბსოლოტური გამარჯვებაა, რაც ძალიან მახარებს. ვიცით, რას მივაღწიეთ წარსულში და რამდენად რთული დრო გველის", - თქვა პრეზიდენტმა ვუჩიჩმა.

ავტობუსები, მიკროავტობუსები და მანქანები

ოპოზიცია შედეგებს აპროტესტებს - ისინი ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია.

ოპოზიციის ლიდერი მიროსლავ ალექსიჩი ამბობს, რომ ხელისუფლებამ "ავტობუსებით, მიკროავტობუსებით და მანქანებით" ჩამოიყვანა და ბელგრადში მიაცემინა ხმა ისეთ ამომრჩეველს, ვინც ბელგრადში არ ცხოვრობს.

მისი თქმით, მთავრობამ ასეთ ხალხზე 40 ათასი პირადობის მოწმობა გასცა.

დარღვევებზე საუბრობენ დამკვირვებლები და დამოუკიდებელი მედიაც.

ერთ-ერთი ცნობის თანახმად, ბოსნიაში მცხოვრებმა ეთნიკურმა სერბებმა ხმა მისცეს ბელგრადის სპორტულ დარბაზში, რომელიც ოფიციალურად საარჩევნო უბანი არ ყოფილა.

დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ჯგუფის, CRTA-ს განცხადებით, "ბელგრადის რამდენიმე ადგილას შეინიშნებოდა ავტობუსების, მიკროავტობუსებისა და მანქანების კონცენტრაცია, გადაყავდათ რა ამომრჩევლები ხმის მისაცემად ქალაქის სხვა წერტილებში".

CRTA ასევე იუწყება, რომ გამოავლინეს მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის არაერთი შემთხვევა.

გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში საარჩევნო უბნებზე ისეთი ადამიანები იყვნენ, ვისაც ამისი უფლება არ ჰქონდათ.

კიდევ ერთ ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ სადამკვირვებლო მისიას თავს დაესხნენ ბეიზბოლის ბიტებით.

ალექსანდრ ვუჩიჩმა ვადამდელი არჩევნები ბოლო საპარლამენტო არჩევნებიდან წელიწადნახევარში დანიშნა, რათა პარლამენტში უმრავლესობა გაემყარებინა.

მართალია, თავად ამ არჩევნებში კენჭს არ იყრიდა, მაგრამ აქტიურად მონაწილეობდა საარჩევნო კამპანიაში, რომლის დროსაც ამომრჩევლებს ახალ გზებს, საავადმყოფოებს, ერთჯერად ფულად დახმარებას, გაზრდილ ხელფასებს და პენსიებს ჰპირდებოდა.

 

მსგავსი სიახლეები