სირსკი: ივლისში რუსებმა 33.2 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ივლისის საქმიანობის შემაჯამებელი თათბირი გამართა. 

"რუსეთის ხელისუფლება მიმდინარე წლის ბოლომდე 10 ახალი დივიზიის შექმნას ისახავს მიზნად, ორი მათგანი უკვე შექმნილია. აქედან გამომდინარე, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ გავაგრძელოთ მობილიზაციის ზომები, გავაუმჯობესოთ საბრძოლო მომზადება და გავაძლიეროთ ჩვენი ჯარების უპილოტო კომპონენტი. ვაგრძელებთ რეფორმას, რათა ჯარების მართვა უფრო ეფექტიანი გახდეს." – განაცხადა სირსკიმ.

მთავარსარდალმა ასევე აღნიშნა, რომ ყველაზე რთული სიტუაცია პოკროვსკის, დობროპოლის და ნოვოპავლოვკის მიმართულებებზეა.

ამასთან, ჩრდილო-სლობოჟანსკის მიმართულებით, სუმის ოლქის რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებაში წარმატებაა და ბრძოლები გრძელდება კურსკის რეგიონში.

"ივლისში ჩვენ ხელშესახები წარმატებები მივაღწიეთ DeepStrike-ის საშუალებების გამოყენებაში – განადგურდა მოწინააღმდეგის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ათობით ობიექტი. ჩვენმა დრონებმა და სხვა საშუალებებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს აგრესორის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოო შესაძლებლობები, გაანადგურეს მისი სამხედრო ობიექტები, კერძოდ, შაჰიდების და სხვა ტიპის შეიარაღების საწყობები, სამხედრო აეროდრომები, პოლიგონები, თავდაცვითი, ელექტრომექანიკური, ქიმიური და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები," – თქვა სირსკიმ.

მან განაცხადა, რომ ივლისში რუსებმა 33.2 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგეს, რაც წინა თვეზე 800 ადამიანით მეტია. ამის მიუხედავად, მოწინააღმდეგე ყოველთვიურად 9 ათასი ადამიანით ზრდის თავის დაჯგუფებას.

მსგავსი სიახლეები