აშშ-მა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება გამოაცხადოს - Reuters

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს რუსულ ნავთობზე სანქციების ნაწილობრივი მოხსნის სცენარს. ამ ინფორმაციას Reuters სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვითარების არსი: მათი თქმით, საუბარია როგორც შეზღუდვების შესაძლო ფართო შემსუბუქებაზე, ისე მიზნობრივ ვარიანტებზე, რაც ზოგიერთ ქვეყანას, მაგალითად ინდოეთს, საშუალებას მისცემს შეიძინოს ნავთობი რუსეთის ფედერაციიდან აშშ-ის მხრიდან სანქციების (მათ შორის ტარიფების) შიშის გარეშე.

  • წყაროების ცნობით, შეღავათების შესახებ შესაძლოა უკვე ორშაბათს გამოცხადდეს.
  • ამ ზომებმა უნდა შეაკავოს ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრი ზრდა, რაც გამოწვეულია აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციით ირანის წინააღმდეგ.
  • თუმცა, ამავდროულად, ამან შესაძლოა ხელი შეუშალოს აშშ-ის მცდელობებს, შეამციროს რუსეთს შემოსავლები უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად.

ჩაშლილად: თეთრი სახლის პრესმდივანმა, ტეილორ როჯერსმა განაცხადა, რომ ტრამპმა და მისმა თანაშემწეებმა "ენერგეტიკულ ბაზრებზე სტაბილურობის შენარჩუნების" გეგმა ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე შეიმუშავეს.

  • მისი თქმით, თეთრი სახლი აგრძელებს "ყველა სანდო ვარიანტის" განხილვას.
  • ინფორმაცია სანქციების შესაძლო შემსუბუქების შესახებ ტრამპსა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გაჩნდა.

სტრიქონებს შორის: მარტის დასაწყისში აშშ-მა ინდოეთს ნება დართო დროებით შეეძინა რუსული ნავთობი, რომელიც უკვე ტანკერებში იმყოფებოდა.

  • ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ეს ზომა "რუსეთის მთავრობას მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს არ მოუტანს," რადგან საუბარია ნედლეულზე, რომელმაც რუსული პორტები უკვე დატოვა.
  • შაბათს მან აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, ვაშინგტონმა შესაძლოა გააგრძელოს სანქციების რეჟიმის შემსუბუქება რუსული ნავთობის ექსპორტზე და მოსკოვს ნება დართოს გაყიდოს "ასობით მილიონი ბარელი," რომელიც ზღვაში ტანკერებზეა და მყიდველს ვერ პოულობს.

დიდი სურათი: "მე გეგმა ყველაფერზე მაქვს, გასაგებია? მე მაქვს გეგმა ყველა შემთხვევისთვის. თქვენ ძალიან კმაყოფილი დარჩებით," - განაცხადა ტრამპმა ორშაბათს New York Post-თან ინტერვიუში, როდესაც საუბრობდა ირანში ომის გამო ნავთობის ფასების ზრაზე.

  • 9 მარტს, Brent-ის ნავთობზე ფასი მკვეთრად გაიზარდა და ბარელზე 119.5 დოლარს მიაღწია, რაც 2022 წლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები