ვუჩიჩი: ბელგრადი კოსოვოში მცხოვრები სერბების დაფინანსებას დინარში გააგრძელებს

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ბელგრადი კოსოვოში მცხოვრებ სერბებს ფინანსურ დახმარებას (საჯარო სექტორის ხელფასები, სოციალური შემწეობა და ა.შ.) არა ევროში, არამედ დინარში გაუწევს.

„კოსოვოელმა სერბებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მათ დაფინანსება მიიღონ. არ მსურს ტექნიკური დეტალები გავამხილო იმის შესახებ, თუ რა მოვამზადეთ და როგორ ვაპირებთ ამის გაკეთებას. აზრადაც არ მომდის, რა ვუთხრა მათ, ვინც სერბებს დევნიან და ეთნიკურ წმენდას ახორციელებენ“, - ალექსანდ ვუჩიჩი.

შეგახსენებთ, რომ კოსოვოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის ჩრდილოეთში მცხოვრებმა სერბებმა დინარის ნაცვლად, ევროს გამოყენება უნდა დაიწყონ. მიუხედავად იმისა, რომ კოსოვო ევროპის კავშირის წევრი არ არის, ქვეყნის უდიდეს ნაწილში ევრო  გამოიყენება.

კოსოვოს ცენტრალური ბანკის მმართველის, აჰმედ ისმაილის განცხადებით, ამჟამად კოსოვოს ჩრდილოეთში მდებარე მუნიციპალიტეტებში 4 ბანკი და 15 ფინანსური ინსტიტუტი იყენებს სერბულ დინარს. ახალი წესების თანახმად, აღნიშნულმა ბანკებმა და ფინანსურმა ინსტიტუტებმა ხელახლა უნდა გაიარონ რეგისტრაცია, რის შემდეგადაც ისინი ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებას ევროში შეძლებენ.

კოსოვოში სერბები უმრავლესობას ჩრდილოეთში მდებარე მიტროვიცას ოლქის 4 მუნიციპალიტეტში (ჩრდილოეთ მიტროვიცა, ლეპოსავიჩი, ზვეჩანი და ზუბინ-პოტოკი) წარმოადგენენ.

დასავლეთის ლიდერებმა კოსოვოს გადაწყვეტილების თაობაზე შეშფოთება გამოთქვეს, რადგან მიიჩნევენ, რომ ეთნიკური სერბებით დასახლებულ კოსოვოს ტერიტორიაზე დინარის აკრძალვა, ბელგრადსა და პრიშტინას შორის ისედაც დაძაბულ ურთიერთობას კიდევ უფრო მეტად დაძაბავს.

კონტექსტი

სერბეთსა და მის სამხრეთ ნაწილში მდებარე კოსოვოს პროვინციას შორის ეთნიკური დაძაბულობა 1989 წელს განსაკუთრებით დაიძაბა, როდესაც სლობოდან მილოშევიჩმა კოსოვოს სპეციალური ავტონომიის სტატუსი შეუჩერა და ეთნიკური ალბანელების დევნა დაიწყო. სლობოდან მილოშევიჩის გადაწყვეტილებას კოსოვოელმა ალბანელებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობითა და დამოუკიდებელი პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნით უპასუხეს.

1992 წელს სეპარატისტული მოძრაობის წევრებმა კოსოვოს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. სერბულ ძალებსა და კოსოვოს განმათავისუფლებელ არმიას შორის დაწყებული დაპირისპირება 1996-1998 წლების განმავლობაში თანდათანობით მასშტაბურ და დაუნდობელ სისხლისმღვრელ ომში გადაიზარდა, რომელიც 1999 წელს NATO-ს სამხედრო ინტერვენციის შედეგად დასრულდა.

2008 წელს კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა ცალმხრივად გამოაცხადა.

2011 წელს სერბეთსა და კოსოვოს შორის ევროპის კავშირის შუამავლობით მოლაპარაკებები დაიწყო, რის შედეგადაც, ბელგრადსა და პრიშტინას შორის არაერთი ტექნიკური საკითხი გადაიჭრა, თუმცა ყოვლისმომცველი პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მსგავსი სიახლეები