აშშ-ის დაზვერვის ცნობით, ირანის რეჟიმს კოლაფსის საფრთხე არ ემუქრება - Reuters
აშშ-ის სადაზვერვო მონაცემები მიუთითებს, რომ ირანის ხელმძღვანელობა მეტწილად ხელუხლებელია და, აშშ-ისა და ისრაელის თითქმის ორკვირიანი დაუნდობელი დაბომბვების მიუხედავად, უახლოეს მომავალში რეჟიმის კოლაფსის საფრთხე არ არსებობს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ს სამი ინფორმირებული წყარო აწვდის.
ვითარების არსი: სააგენტოსთან მოუსაუბრე ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ მრავალრიცხოვანი სადაზვერვო ანგარიში მოიცავს „თანმიმდევრულ ანალიზს იმის შესახებ, რომ რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება“ და ის „ინარჩუნებს კონტროლს ირანელ ხალხზე“.
- ნავთობზე მკვეთრად გაზრდილი ფასების გამო მზარდი პოლიტიკური წნეხის ფონზე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ 2003 წლის შემდეგ აშშ-ის ყველაზე მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას „მალე“ დაასრულებს. თუმცა, ომის მისაღები პირობებით დასრულება შესაძლოა გართულდეს, თუ ირანის რადიკალი ლიდერები პოზიციებს მყარად შეინარჩუნებენ.
- დაზვერვის მონაცემები ხაზს უსვამს ირანის სასულიერო ხელმძღვანელობის ერთიანობას, მიუხედავად იმისა, რომ 28 თებერვალს, იერიშების პირველივე დღეს, უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოკლეს.
- Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელელი მაღალჩინოსნებიც დახურულ შეხვედრებზე აღიარებენ, რომ არ არსებობს გარანტია, რომ ომი სასულიერო მმართველობის დამხობას გამოიწვევს.
ცვალებადი მიზნები: ომის დაწყებიდან აშშ-მა და ისრაელმა ირანის მრავალ სამიზნეზე მიიტანეს იერიში, მათ შორის საჰაერო თავდაცვაზე, ბირთვულ ობიექტებსა და მაღალჩინოსნებზე.
- ტრამპის ადმინისტრაცია ომის მიზეზად სხვადასხვა ვერსიას ასახელებს. ოპერაციის დაწყებისას ტრამპმა ირანელებს მოუწოდა: „აიღეთ მმართველობა თქვენს ხელში“, თუმცა მოგვიანებით მისმა მრჩევლებმა უარყვეს, რომ მიზანი ხელისუფლების დამხობა იყო.
- ხამენეის გარდა, დარტყმების შედეგად დაიღუპა ათობით მაღალჩინოსანი და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) უმაღლესი რანგის მეთაურები.
შედეგი: მიუხედავად ამისა, აშშ-ის დაზვერვის ცნობით, IRGC და ხამენეის სიკვდილის შემდეგ მოსული დროებითი ლიდერები ქვეყანას კვლავ აკონტროლებენ.
- ექსპერტთა ასამბლეამ ამ კვირის დასაწყისში უზენაეს ლიდერად ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა გამოაცხადა.
- ინფორმირებული წყაროების თქმით, გაურკვეველია, როგორ უნდა დაამხოს მოქმედმა სამხედრო კამპანიამ მთავრობა. ამისთვის, სავარაუდოდ, საჭირო იქნებოდა სახმელეთო შეტევა, რაც ხალხს ქუჩაში უსაფრთხოდ გამოსვლისა და პროტესტის საშუალებას მისცემდა.
- ტრამპის ადმინისტრაციას ირანში ამერიკელი სამხედროების გაგზავნა არ გამოურიცხავს.
სახმელეთო კომპონენტი: ომის დაწყებიდან მალევე მრავალი გამოცემა იტყობინებოდა, რომ ერაყში ბაზირებული ირანელი ქურთების დაჯგუფებები აშშ-თან კონსულტაციებს გადიოდნენ ირანის უსაფრთხოების ძალებზე თავდასხმის შესახებ.
- თუმცა, Reuters-ის თანახმად, აშშ-ის დაზვერვის ბოლო ანგარიშები ეჭვქვეშ აყენებს ქურთების უნარს, აწარმოონ ხანგრძლივი ბრძოლა ირანის რეჟიმის წინააღმდეგ, რადგან მათ არ გააჩნიათ შესაბამისი შეიარაღება და რაოდენობა.
- ირანელი ქურთების პარტიის, „კომალას“ ხელმძღვანელმა, აბდულა მოჰთადიმ განაცხადა, რომ ათობით ათასი ახალგაზრდა მზადაა იარაღის ასაღებად, თუ აშშ-ის მხარდაჭერა ექნებათ. თუმცა, შაბათს ტრამპმა აღნიშნა, რომ მან გამორიცხა ქურთული დაჯგუფებების ირანში შეყვანა.