აშშ შეშფოთებულია ირანის საწვავის საცავებზე ისრაელის იერიშებით - Axios
7 მარტს ირანის საწვავის 30 ერთეულ საცავზე ისრაელის მიერ მიტანილი დარტყმები ბევრად სცდება იმ მასშტაბებს, რასაც აშშ წინასწარი შეტყობინების საფუძველზე ელოდა. ამან გამოიწვია პირველი სერიოზული უთანხმოება მოკავშირეებს შორის ომის დაწყებიდან რვა დღის შემდეგ, იუწყება გამოცემა Axios.
რატომ არის მნიშვნელოვანი: აშშ შეშფოთებულია, რომ ისრაელის იერიშებმა იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც რიგით ირანელებს ემსახურება, შესაძლოა საპირისპირო სტრატეგიული შედეგი გამოიღოს - გამოიწვიოს ირანული საზოგადოების კონსოლიდაცია რეჟიმის გარშემო და ნავთობის ფასების ზრდა.
მოვლენათა განვითარება: ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების შაბათის რეიდებმა თეირანში მასშტაბური ხანძრები გამოიწვია. ცეცხლი მრავალი კილომეტრიდან ჩანდა, დედაქალაქი კი სქელმა კვამლმა დაფარა.
-
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, საწვავის საცავებს ირანის რეჟიმი სხვადასხვა მომხმარებლისთვის, მათ შორის სამხედრო უწყებების მოსამარაგებლად იყენებდა.
კულისებს მიღმა: ისრაელელი და ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, IDF-მა აშშ-ის სამხედრო უწყება იერიშების შესახებ წინასწარ გააფრთხილა. თუმცა, ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობა დარტყმების მასშტაბებმა გააოცა.
- „ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ეს კარგი იდეა იყო“, - განაცხადა აშშ-ის მაღალჩინოსანმა.
- ისრაელელი ოფიციალური პირის თქმით, ვაშინგტონის გზავნილი ისრაელისადმი იყო: „ეს რა ჯანდაბაა?!“ (WTF). თეთრ სახლსა და IDF-ს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
საერთო სურათი: მიუხედავად იმისა, რომ სამიზნე ობიექტები არ ყოფილა ნავთობის მომპოვებელი საწარმოები, აშშ-ის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ალმოდებული საცავების კადრებმა შესაძლოა ნავთობის ბაზარი დააფრთხოს და ენერგომატარებლების ფასები კიდევ უფრო გაზარდოს.
- „პრეზიდენტს ეს თავდასხმა არ მოსწონს. მას ნავთობის დაზოგვა სურს და არა მისი დაწვა. ეს ხალხს საწვავზე მაღალ ფასებს ახსენებს“, — განუცხადა Axios-ს ტრამპის მრჩეველმა.
მეორე მხარე: ირანის „ხათამ ალ-ანბიას“ შტაბის სპიკერმა, რომელიც სამხედრო ოპერაციებს კურირებს, შაბათს გააფრთხილა ისრაელი, რომ თუ ირანის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გაგრძელდება, თეირანმა შესაძლოა მსგავსი დარტყმებით მთელ რეგიონში უპასუხოს.
- სპიკერმა დაამტა, რომ ირანს აქამდე რეგიონულ საწვავის ინფრასტრუქტურაზე იერიში არ მიუტანია და დაიმუქრა, რომ ასეთ შემთხვევაში ნავთობის ფასი შესაძლოა ბარელზე $200-ს დასცდეს.
- ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაღერ ყალიბაფმა ასევე განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში, ირანი „დაუყოვნებლივ“ იძიებს შურს.
რა იქნება შემდეგ: აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, მოსალოდნელია, რომ არსებული უთანხმოება და ის, თუ რას ელოდება აშშ ამ ომისგან, ორ მოკავშირეს შორის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე იქნება განხილული.