ახალი კონსტიტუცია რუსეთში: პუტინს პრეზიდენტობა კიდევ ორი ვადით შეეძლება

ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელსაც გასულ წელს მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან შესაბამისობაში მოჰყავს რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია. 

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ვლადიმირ პუტინის საპრეზიდენტო ვადების განულების კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით 24 მარტს მიიღო. აღნიშნული კანონი დუმამ გასულ წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების აღსრულების ფარგლებში განახორციელა. 

რუსეთის ამჟამინდელი კანონმდებლობით, პრეზიდენტის პოსტზე 2-ვადიანი ლიმიტი მოქმედებს, თუმცა ეს ლიმიტი არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც უკვე იკავებდნენ რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე, ასეთი კი რუსეთში მხოლოდ ორი ადამიანია - ვლადიმირ პუტინი და დმიტრი მედვედევი. ამგვარად, პუტინის საპრეზიდენტო ვადები ნულდება და მას კვლავ შეუძლია პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ორჯერ იყაროს კენჭი. 

ამავე კანონით ძალაში შევიდა ახალი ბარიერები, რომლებსაც პრეზიდენტობის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ, მათ შორის მინიმალური ასაკი 35 წლით განისაზღვრა, სავალდებულოა რუსეთში ცხოვრების 25 წლიანი გამოცდილება, უცხოეთის მოქალაქეობის ან ცხოვრების ოფიციალური უფლების არქონა. საინტერესოა ისიც, რომ გამონაკლისია იმ ქვეყნების ან ტერიტორიების მოქალაქეობა, რომლებიც კანდიდატის ცხოვრების მომენტში არ შედიოდა რუსეთის შემადგენლობაში, მაგრამ დღეს რუსეთის ფედერაციის ნაწილია. 

ვლადიმირ პუტინისთვის საპრეზიდენტო ვადების განულების ინიციატივით გასული წლის მარტში დუმის დეპუტატი და პირველი ქალი კოსმონავტი, ვალენტინა ტერეშკოვა გამოვიდა. სავარაუდოა, რომ ვლადიმერ პუტინმა სწორედ ამ მიზნით წამოიწყო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც მთავრობის გადაყენება და პრემიერმინისტრის ცვლილება მოყვა. 

პუტინისთვის ვადების განულების ინიციატივა საკონსტიტუციო რეფორმების პაკეტში შევიდა, რომლის ბედი საყოველთაო კენჭისყრით გადაწყდა. რუსეთის ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, ცვლილებას მხარი 78%-მა დაუჭირა. 

მსგავსი სიახლეები