პუტინი: მზად ვართ განვიხილოთ ტრამპის მიწვევა ე.წ. მშვიდობის საბჭოში

ვლადიმირ პუტინი პირველად გამოეხმაურა დონალდ ტრამპის მიერ ორგანიზებული ე.წ. მშვიდობის საბჭოში რუსეთის მოწვევას და განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის განიხილოს ეს წინადადება. 

ვითარების არსი: ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. 

  • "რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას მშვიდობის საბჭოში, საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე შეისწავლონ მიღებული დოკუმენტები, გაიარონ კონსულტაციები ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ პასუხს მიღებულ წინადადებაზე"- განაცხადა პუტინმა. 

  • საყურადღებოა, რომ ცოტა ხნით ადრე ჟურნალისტებთან ურთიერთობისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი უკვე დათანხმდა მის წინადადებას - "ის მიიწვიეს და მან ეს წინადადება მიიღო, ბევრი სხვაც დათანხმდა."

ჩაშლილად: ამასთანავე პუტინის თქმით, საბოლო თანხმობის შემთხვევაში საბჭოში გასაწევრიანებელ 1 მილიარდ დოლარს რუსეთი ამერიკაში გაყინული რუსული აქტივებიდან გადაიხდის. 

  • პუტინის თქმით, ამერიკა და რუსეთი განიხილავენ გაყინული აქტივების გამოყენებას ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში დაზიანებული დასახლებული პუნქტებისა და ინფრასტრუქტურის აღსადგენად. 

დიდი სურათი: რუსეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა გრენლანდიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც და განაცხადა, რომ რუსეთს ეს "საერთოდ არ ეხება." 

  • ამასთანავე პუტინმა გაიხსენა ალასკის შესყიდვის შესახებ რუსეთის იმპერიის მიერ ამერიკასთან გაფორმებული ხელშეკრულება და დაიანგარიშა გრენლანდიის შესაძლო საბაზრო ღირებულებაც. 

კონტექსტი: მოვლენები წინ უძღვის ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის შეხვედრას, რომელიც 22 იანვარს მოსკოვში გაიმართება. 

  • შეხვედრის მთავარი თემა დიდი სამშვიდობო შეთანხმებაა, რომელიც ამერიკული მხარის თქმით, უკვე თითქმის 90%-ითაა შეთანხმებული უკრაინასთან. 

მსგავსი სიახლეები