Axios: ირანი და აშშ ომის დასასრულებლად 1-გვერდიან მემორანდუმზე მუშაობენ
შეერთებული შტატები და ირანი ომის დასასრულდებლად 1-გვერდიანი მემორანდუმის ტექსტზე მუშაობენ, რომელმაც უნდა განსაზღვროს კონფლიქტის შეწყვეტის პირობები და შექმნას გრძელვადიანი მოლაპარაკებების საფუძველი.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით Axios ავრცელებს.
- ვაშინგტონი მომდევნო 48 საათის განმავლობაში ელოდება ირანის პასუხს შეთანხმების საკვანძო პუნქტებზე - წყაროების ცნობით, ჯერ საბოლოოდ არაფერია გადაწყვეტილი თუმცა ამაზე ახლოს შეთანხმებასთან მხარეები აქამდე არ ყოფილან.
- მემორანდუმი ითვალისწინებს ირანის მხრიდან ურანის გამდიდრებაზე მრავალწლიანი მორატორიუმის გამოცხადებას, შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების მოხსნას და გაყინული სავალუტო აქტივების გათავისუფლებას, ორივე მხირდან ჰორმუზის სრუტის ირგვლივ საზღვაო ნავიგაციაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას.
- მემორანდუმის ცალკეული პუნქტების აღსრულება დამოკიდებული იქნება იმაზე მიაღწევენ თუ არა მხარეები ყოვლისმომცველ შეთანხმებას.
ჩაშლილად: ტრამპის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ ირანის ხელმძღვანელობაში განხეთქილებაა და გარიგების მისაღწევად დრო იქნება საჭირო - Axios-ის ზოგი წყარო საერთოდაც სკეპტიკურად უყურებს თუნდაც გარდამავალი შეთანხმების შანსებს.
- გამოცემის წყაროების ცნობით, სწორედ მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესის გამო შეაჩერა დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში დაწყებულია "პროექტი თავისუფლება", რომლის ფარგლებშიც ამერიკული ფლოტი სავაჭრო გემების სრუტის გადაკვეთაში უნდა დახმარებოდა.
- 1-გვერდიანი მემორანდუმი სულ 14 პუნქტისგან შედგება და პროცესს ამერიკული მხარიდან სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ხელმძღვანელობენ.
კულისებს მიღმა: მემორანდუმის პროექტის მიხედვით, ომის დასრულების შემდეგ იწყება მოლაპარაკებების 30-დღიანი პერიოდი, რომელიც საჭირო იქნება დიდი შეთანხმების სიღრმისეული შეთანხმების მისაღწევად ჰორმუზის სრუტის გახსნის, ირანის ბირთვული პროგრამისა სანქციების მოხსნის შესახებ.
- მოლაპარაკებები შესაძლოა გაიმართოს ისლამაბადში ან ჟენევაში.
- ამერიკული წყაროს ცნობით, ჰორმუზის სრუტის ირგვლივ ნაოსნობაზე დაწესებულ შეზღუდვებს მხარეები ამ 30 დღის განმავლობაში ეტაპობრივად მოხსნიან.
- შეთანხმების ვერ მიღწევის შემთხვევაში აშშ იტოვებს უფლებას აღადგინოს საზღვაო ბლოკადა ან საომარი მოქმედებები.
ინტრიგა: წყაროების ცნობით, ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც მხარეები აქტიურად განიხილავენ ირანის მიერ ურანის გამდიდრებაზე დასაწესებელი მორატორიუმის ხანგრძლივობაა.
- შეერთებული შტატები მინიმუმ 20-წლიან პერიოდს ითხოვდნენ, ხოლო ირანელები თანხმობას გამოთქვამდნენ 5-წლიან პაუზაზე - წყაროების ცნობით, საბოლოოდ კომპრომისი შეიძლება 12-წლიანი მორატორიუმი იყოს.
- კიდევ ერთი პუნქტით ირანი იღებს ვალდებულებას, რომ არ შექმნის ბირთვულ იარაღს და არც ეცდება არსებული ბირთვული პროგრამის "ვეპონიზაციას", ასევე მხარეები განიხილავენ პუნქტს, რომლის მიხედვითაც თეირანი აიღებს ვალდებულებას შეაჩეროს მიწისქვეშა ობიექტების საქმიანობა.
- ირანი ასევე უნდა დათანხმდეს გაძლიერებულ ინსპექციებს.
- კიდევ ერთი საკამათო საკითხი უკვე გამდიდრებული ურანის მარაგია - ამერიკული წყაროების ცნობით, ირანი თანახმაა ქვეყნიდან გაიტანონ 60%-მდე გამდიდრებული და მეტიც ის შეერთებულ შტატებს გადასცენ.
კონტექსტი: ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლები ამ დრომდე საჯაროდ უარყოფდნენ იმ დათმობებზე წასვლას, რომელიც Axios-ის მიერ გავრცელებულ მასალაშია ნახსენები.