ბორელი: ევროკავშირი არ ცნობს რუსულ პასპორტიზაციას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ევროკავშირი არ ცნობს რუსულ პასპორტებს, რომელთა გეცამასაც რუსეთის ფედერაცია აპირებს ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ოკუპირებულ ნაწილებში. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა ჟოზეპ ბორელმა 3 ივნისს განაცხადა.

"ევროკავშირი კატეგორიულად გმობს რუსეთის პრეზიდენტის 25 და 30 მაისის ბრძანებებს, რომლითაც გამარტივდა ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში უკრაინის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების და რუსული პასპორტების გაცემის პროცესი". - განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირი არ ცნობს იმ დოკუმენტებს, რომლებიც გაცემულია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის ფარგლებში, ნათქვამია განცხადებაში.

"ევროკავშირი მკაცრად გმობს რუსეთის ნებისმიერ მცდელობას, შეცვალოს დემოკრატიულად არჩეული და ლეგიტიმური უკრაინის ადმინისტრაციები. ევროკავშირი ასევე გმობს რუსული რუბლის, როგორც უკრაინული გრივნის პარალელური ვალუტის შემოღების მცდელობებს, ასევე რუსული პროგრამებისა და საგანმანათლებლო მასალების შემოტანის მცდელობებს და სასწავლო ენის შეცვლას ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების სკოლებში, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო შეიარაღებული ძალების უკანონო კონტროლის ქვეშ არის", - აღნიშნა ბორელმა.

მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ უკრაინის ტერიტორიების სტატუსის შეცვლის ნებისმიერი მცდელობა არის საერთაშორისო სამართლის, გაეროს წესდების და უკრაინის კონსტიტუციის დარღვევა.

ბორელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირი მტკიცედ რჩება უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან.

მსგავსი სიახლეები