ბრიტანეთი სლოვაკეთში სამხედროების გაგზავნას განიხილავს

ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად დიდი ბრიტანეთი სლოვაკეთში სამხედროების გაგზავნას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

აღმოსავლეთ ევროპაში სამხედროების განლაგებას დიდი ბრიტანეთი რუსეთის აგრესიისგან უკრაინის დაცვის ერთ-ერთ საშუალებად განიხილავს.

ბრიტანულ პრესაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრიტანეთი განიხილავს დაახლოებით 1 000 სამხედროს გაგზავნას რუმინეთში, ბულგარეთსა და უნგრეთში.  

21 იანვარს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელიზაბეტ ტრასმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი პოლონეთთან და უკრაინასთან სამმხირივი სამოკავშირეო ფორმატის შექმნას განიხილავს. 

"დეკემბერში ლონდონში მაღალი დონის შეხვედრების შემდეგ ჩვენ ვაძლიერებთ ორმხრივ ურთიერთობებს და ამასთანავე ვავითარებთ სამმხრივ კავშირებს პოლონეთთან და უკრაინასთან. ჩვენ ასევე, დაჟინებით ვცდილობთ ვიპოვოთ გაზის ახალი მომწოდებლები, რათა ევროპული სახელმწიფოები ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული რუსულ გაზზე", - განაცხადა ტრასმა. 

ამავდროულად, ტრასმა ბრიტანეთის პარტნიორ სახელმწიფოებს მოუწოდა გააქტიურდნენ ამ მიმართულებით და უფრო მეტად ჩაერთონ უკრაინის საზღვრებზე შექმნილი კრიზისის მოგვარებაში. 

ტრასის თქმით, კრიზისს აღმოსავლეთ ევროპაში დიდი მნიშვნელობა აქვს მთელი მსოფლიოსთვის - "თავისუფლების, კანონის უზენაესობისა, დემოკრატიის წინაშე არსებული საფრთხეები არ არის რეგიონული ხასიათის, არამედ ეს გლობალური საფრთხეა, ამიტომაც ჩვენ ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ ამ საფრთხეებს."

მსგავსი სიახლეები