ჩეხეთი უკრაინისთვის ჭურვებს გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით შეიძენს
ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხების ნაწილი ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში უკრაინისთვის ჭურვების მიწოდებას მოხმარდება.
ამის შესახებ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა იანა ჩერნოხოვამ სამშაბათს განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის უცხოელი პარტნიორების ნდობის კიდევ ერთი დემონსტრირება ჩეხური პროექტის ეფექტურობის მიმართ.
"ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხის ნაწილი მოხმარდება უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას, რომელსაც ჩეხეთი შეიძენს. ამრიგად, ჩვენ შევძლებთ უკრაინისთვის ასე საჭირო ასობით ათასი მსხვილი კალიბრის ჭურვის შეძენას," - აღნიშნა ჩერნოხოვამ.
"ეს არის ჩვენი მოკავშირეების ნდობის კიდევ ერთი მტკიცებულება ჩეხეთის რესპუბლიკისა და ჩვენი ინიციატივის მიმართ. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, გამოვიყენოთ რესურსები, რომლებიც თავდაპირველად რუსეთს ეკუთვნოდა და შევინარჩუნოთ ევროპის ქვეყნების საჯარო ფინანსები," - თქვა მან.
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა რაოდენობის საბრძოლო მასალას მიიღებს უკრაინა ამ გზით.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეხეთის ინიციატივით უკრაინის შეიარაღებული ძალები თვეში 50-დან 100 ათასამდე მსხვილკალიბრიან ჭურვს მიიღებს. წლის ბოლომდე კი საერთო რაოდენობამ ნახევარ მილიონს უნდა მიაღწიოს.