CNN-ის ეგზიტპოლი: პენსილვანიის სენატორი დემოკრატი ჯონ ფეტერმანი გახდება
CNN-ისთვის და სხვა ტელევიზიებისთვის Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, პენსილვანიის სენატორი, შტატის მოქმედი ვიცე-გუბერნატორი, ჯონ ფეტერმანი გახდა.
პენსილვანია დემოკრატების ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე იყო, რადგანაც შტატის მოქმედი სენატორი, რესპუბლიკელი იყო.
ფეტერმანმა ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი, მეჰმეთ ოზი დაამარცხა, რომელიც ტრამპის მიერ იყო მხარდაჭერილი.
დემოკრატების კანდიდატს მაისში ინსულტი ჰქონდა, რის შემდეგაც მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კითხვები აქტუალობას არ კარგავდა.
მიუხედავად იმისა, რომ მას რამდენიმე თვის წინ არჩევნებში ღია ფავორიტად მიიჩნევდნენ, დემოკრატიული პარტიის მიმართ ინფლაციისა და გაზის ფასის გამო უკმაყოფილების ზრდის ფონზე, მისი მხარდაჭერა რეგულარულად მცირდებოდა.
ეგზიტპოლის თანახმად, ქალების უმრავლესობამ, კოლეჯის განათლების მქონე ამომრჩევლებმა, შავკანიანებმა და დამოუკიდებელმა/ნეიტრალურმა ადამიანებმა მხარი ფეტერმანს დაუჭირეს.
ხოლო კოლეჯის განათლების არმქონე თეთრკანიანმა პენსილვანელებმა და ადგილობრივი მამაკაცების უმრავლესობამ, საკუთარ რჩეულად მეჰმეთ ოზი მიიჩნია.
ოზის დამარცხებაში მნიშვნელოვანი ფაქტორი ის გახლავთ, რომ ის წლების განმავლობაში ნიუ-ჯერსიში ცხოვრობდა და პენსილვანიაში საცხოვრებლად მხოლოდ 2020 წლის ბოლოს გადავიდა.
პენსილვანიაში დემოკრატების გამარჯვებამ, შესაძლოა სენატში უმრავლესობის ბედი გადაწყვიტოს.