"დოჟდის" ჟურნალისტს აგვისტოს ომზე პოსტისთვის დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთში "დოჟდის" ჟურნალისტს, ვალერია კიჩიგინას სასამართლომ დაუსწრებლად ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ჩაშლილად: კიჩიგინას რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას ედავებიან.

  • სასამართლომ ორი ეპიზოდი განიხილა: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ პოსტი და ბუჩის სასაკლაოს შესახებ სხვა ჟურნალისტის მიერ დაწერილი პოსტის გადაზიარება.

  • ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთში ე.წ. ფეიკების კანონი აამოქმედეს არამხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს ომზე ინფორმაციის გავრცელებისთვის.

  • კიჩიგინამ Instagram-ის გვერდზე დაწერა: "დღეს საქართველოს ხუთდღიანი ომის წლისთავია. 8 აგვისტოს ღამეს რუსული ჯარი ქვეყანაში შეიჭრა და მშვიდობიანი ქალაქები დაბომბა. უკვე 15 წელია რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული".

  • ჟურნალისტმა რუსეთი 2023 წელს დატოვა, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ 2024 წელს აღიძრა.

  • 2025 წლის მარტში კიჩიგინა ძებნილად გამოაცხადეს და დაუსწრებლად დააკავეს.

რასთან გვაქვს საქმე: რუსეთში 2022 წლის 4 მარტიდან მოქმედებს ე.წ. ფეიკების კანონი.

  • კანონი 2018 წელს შეიმუშავეს, თუმცა მისი განხილვა მხოლოდ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიწყო.

  • კანონი ზღუდავს მედიასა და სოციალურ ქსელებში რუსეთის ჯარის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ დამკვიდრებულ ნარატივს.

  • 2022 წლიდან დღემდე რუსეთში 138 000 საიტი და ვებგვერდი დაიბლოკა, რომელიც პროკურატურის აზრით, "ფეიკების კანონს" არღვევდა.

  • 2024 წლის 31 იანვარს კანონი გამკაცრდა. რუსეთის დუმის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო რიგ შემთხვევებში კანონდამრღვევის ქონების კონფისკაციაზე იტოვებს უფლებას.

  • გარდა ამისა, ომის დაწყების შემდეგ რუსეთში გახშირდა დაუსწრებლად დაკავება, გასამართლება და პატიმრობის მისჯა. 

  • სასამართლო ბრალდებულის დასწრების გარეშე დგება და ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, გასამართლებულ პირს სასჯელის მოხდა მოუწევს.

მსგავსი სიახლეები