ერდოღანი: სომხეთის უარის შემთხვვევაში ზანგეზურის კორიდორი ირანზე გაივლის

სომხეთის უარის შემთხვევაში ზანგეზურის სარკინიგზო კორიდორი აზერბაიჯანიდან ნახიჩივანამდე ირანზე გაივლის. 

განაცხადა მედიასთან საუბარში თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიპ ერდოღანმა, რომელიც 25 სექტემბერს სწორედ ნახიჩევანში შეხვდა აზერბაიჯანელ კოლეგას. 

პროექტი ითვალისწინებს "მატერიკული" აზერბაიჯანის და აზერბაიჯანული ექსკლავის, ნახიჩევანის დაკავშირებას, რომელსაც საერთო სახმელეთო საზღვარი აქვს თურქეთთან. 

ერდოღანის თქმით, თურქეთს სურს რეგიონში მშვიდობის კორიდორებზე იფიქროს, თუმცა საომარი მოქმედებების შეწყვეტამდე ამ კორიდორების გახსნა შეუძლებელი იქნება. 

"გინდ ზანგეზურთან და გინდ ლაჩინთან დაკავშირებით, თუ ჩვენ გვსურს მშვიდობის კორიდორები საჭიროა პრობლემის გადაჭრა კონფლიქტისა და ხმაურის გარეშე. თუ ვსაუბრობთ სარკინიგზო კვანძზე, მაშინ თურქეთიდან გასული მატარებლები სომხეთის ტრანზიტის შემდეგ ჩავლენ ბაქოში. თუ სომხეთი ამის გაკეთების საშუალებას არ მოგვცემს მაშინ სად გაივლის კორიდორი? ირანზე. ირანი პოზიტიურად უყურებს ამ პროექტს",- განაცხადა ერდოღანმა. 

თურქეთის პრეზიდენტმა ზანგეზურის კორიდორის შექმნის საკითხს სტრატეგიული უწოდა და განაცხადა, რომ პროექტის შედეგად აზერბაიჯანის და თურქეთის ძმობა კიდევ უფრო განმტკიცდება. 

თავის მხრივ უცნობია თუ რას ეყრდნობა ერდოღანი, როდესაც ირანის პოზიტიურ შეფასებაზე საუბრობს - გასულ წლებში ირანი ღიად უპირისპირდებოდა ზანგეზურის კორიდორის იდეას. ისლამურ რესპუბლიკაში ღელავენ, რომ ამ შემთხვევაში ირანი დაკარგავს სახმელეთო კავშირს სომხეთთან. 

ზანგეზურის კორიდორის მნიშვნელობაზე თურქეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები დიდი ხანია საუბრობენ - 2021 წელს ილჰამ ალიევი ამბობდა, რომ კორიდორი გააერთიანებდა მთელ თიურქულ სამყაროს. 

კონტექსტი 

19 სექტემბერს, აზერბაიჯანმა ყარაბაღის ტერიტორიაზე "ლოკალური ხასიათის ანტი-ტერორისტული ოპერაციის" დაწყების შესახებ გამოაცხადა. მთელი დღის განმავლობაში აზერბაიჯანი არაღიარებული მთავრობის სამხედრო ინფრასტრუქტურას საჰაერო დარტყმებით ანადგურებდა. 

მალევე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად შეიარაღებული სომხური ფორმირებების განიარაღება და მთავრობის გაუქმება დაასახელა. 

სამხედრო მოქმედებების დაწყების დღეს გამართულ ბრიფინგზე ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი არ ჩაერთვებოდა შეიარაღებულ კონფლიქტში. 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის არმიამ ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეხების ხაზი გაარღვია და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძები დაიკავა. 

უკვე 20 სექტემბერს ყარაბაღის არაღიარებულმა მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადა. ვრცელდება ფოტოები სტეპანაკერტის აეროპორტიდან და სხვა ადგილებიდან - ქალაქის მოსახლეობა რეგიონს ტოვებს. 

მსგავსი სიახლეები