ესტონეთს ელჩი თბილისიდან ერევანში გადაჰყავს
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოსა და სომხეთის ელჩის, მარგე მარდისალუ-კახარის თბილისიდან ერევანში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
ჩაშლილად: უწყების განცხადების თანახმად, მარდისალუ-კახარი თბილისში საქმიანობას 10 მარტს შეწყვეტს.
- ახალი ელჩის დანიშვნამდე საქართველოში ესტონეთის საელჩოს დროებით რწმუნებული გიტა კალმეტი უხელმძღვანელებს.
- ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს არ დაუზუსტებია, თუ როდის დაინიშნება საქართველოში ახალი ელჩი.
რატომ არის მნიშვნელოვანი: როგორც ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, უწყებამ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისა და ესტონეთის ურთიერთობის "გაციების" გამო მიიღო.
- გარდა ამისა, ესტონეთის მთავრობა სომხეთთან კონტაქტების გამყარებას აპირებს.
- საქართველოში ესტონეთის საელჩო 2006 წელს გაიხსნა, ხოლო სომხეთში ესტონეთს საელჩო ამ დრომდე საერთოდ არ ჰქონდა.
- "ესტონეთი დიდი ხნის განმავლობაში ხელს უწყობდა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თუმცა საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიული პრინციპებიდან სისტემური დაშორებისა და, მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრული პირობების შესრულებაში არსებული ხარვეზების გამო, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერა აღარ წარმოადგენს ესტონეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს." - წერია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე.