პუტინი: სომხეთმა სწრაფად უნდა აირჩიოს ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სომხეთმა მაქსიმალურად სწრაფად უნდა აირჩიოს ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირის წევრობას შორის.
ვითარების არსი: ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა 9 მაისს, სამხედრო აღლუმის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ურთიერთობისას განაცხადა.
- პუტინის თქმით, სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი "განსაკუთრებულ განხილვას" იმსახურებს.
- "საჭიროა, რომ უბრალოდ ყველაფერი დროულად ითქვას, როგორ მოიქცევიან. აქ არაფერია განსაკუთრებული. ყველაფერი დასათვლელია, უნდა დაითვალოს სომხურმა მხარემ და უნდა დავითვალოთ ჩვენც"- თქვა პუტინმა.
ჩაშლილად: რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ეს საკითხი შესაძლოა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მომდევნო სამიტზე განხილვის ერთ-ერთი თემაც იყოს.
- "მათი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ჩვენ შესაბამის დასკვნებს გამოვიტანდით და წავიდოდით, ასე ვთქვათ რბილი, ინტელიგენტური გაყრის, ურთიერთმომგებიანი გაყრის გზით"- ამბობს რუსეთის პრეზიდენტი.
- ამასთანავე, პუტინის თქმით, რუს და სომეხ ხალხს განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებთ და რუსეთი "არ იქნება წინააღმდეგი" სომეხი ხალხის გადაწყვეტილების.
კონტექსტი: ერთდროულად ევროკავშირშა და ევრაზიულ კავშირში წევრობის შეუძლებლობის შესახებ სომხეთის პრემიერს, ნიკოლ ფაშინიანს პუტინმა აპრილში, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე საჯაროდ განუცხადა.
- თემა რუსული პროპაგანდისთვის განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გასულ კვირას ერევანმა ერთდროულად 2 ევროპულ სამიტს უმასპინძლა.
- 4-5 მაისს სომხეთში ჩატარდა ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობისა და სომხეთ-ევროკავშირის პირველი სამიტი.