ესპანეთის მთავრობა კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე ლიდერებს იწყალებს

ესპანეთის მთავრობა დაეთანხმა 9 კატალონიელი ლიდერის შეწყალებას, რომლებიც 2017 წლის უკანონო რეფერენდუმის ორგანიზებაში იყვნენ ბრალდებული.

ლიდერებს საპატიმრო სასჯელები შეეცვალათ, თუმცა მათ ეკრძალებათ საჯარო პოლიტიკაში ჩართულობა. ამის შესახებ სამშაბათს ესპანეთის პრემიერ მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა.

ორშაბათს, ბარსელონაში ყოფნისას კი სანჩესმა თქვა: “მე მჯერა, რომ ციხიდან 9 ადამიანის გამოყვანა, რომლებიც ათასობით კატალონიელს წარმოადგენენ, მკაფიო გზავნილი ჩვენი სურვილისა იყოს სოციალური ჰარმონია ესპანურ დემოკრატიაში.”

გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან კატალონიის სეპარატისტული მოძრაობის ლიდერები.

“არ შეიძლება შეიწყალო ადამიანი არარსებული დანაშაულისთვის, არანაირი იმედი არ არსებობს, რომ ეს ფაქტი კატალონიის კონფლიქტს გადაჭრის,” - ნათქვამია დამოუკიდებლობის მომხრე აქტივისტების ჯგუფის განცხადებაში.

სოციალისტი პრემიერის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან მისი ოპონენტები. კატალონიის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე პარტია “სიუდადანოსის” სპიკერმა კარლოს კარიზოსა ტორესმა რეგიონულ პარლამენტში თქვა, რომ შეწყალებები ხელს არ შეუწყობს თანაარსებობას და უფრო გაამწვავებს კონფლიქტს.

სანჩესის ქმედება დაგმეს მემარჯვენე “სახალხო პარტიის” ლიდერებმაც. მადრიდის რეგიონის პრეზიდენტმა ისაბელ დიას აიუსომ თქვა, რომ “ეს ღალატი უპატიებელია, [სანჩესის] დღეები დათვლილია.”

 

მსგავსი სიახლეები