ევროკავშირმა და აშშ-მა სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმებას წინ უძღოდა შოტლანდიაში ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოლაპარაკებები.

State Of Play: მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ფონ დერ ლაიენმა შეთანხმების დეტალებზე ისაუბრა.

  • "ჩვენ შევთანხმდით ტარიფის ერთიან, 15%-იან განაკვეთზე ევროკავშირიდან ექსპორტის აბსოლუტურ უმრავლესობაზე. ეს ტარიფი ვრცელდება სექტორების უმეტესობაზე, მათ შორის, ავტომობილებზე, ნახევარგამტარებზე, ფარმაცევტულ პროდუქტებზე," — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
  • "დღეს ჩვენ ასევე შევთანხმდით 'ნულოვანი ტარიფის' შემოღებაზე სტრატეგიული საქონლის რიგ სახეობებზე. აქ შედის ყველა თვითმფრინავი და მათი კომპონენტები, გარკვეული ქიმიკატები, ნახევარგამტარების წარმოების მოწყობილობები, ცალკეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, ბუნებრივი რესურსები და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეული. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ამ სიაში კიდევ უფრო მეტი პროდუქტი დავამატოთ," — აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა. 

Big Picture: მისი თქმით, ფოლადსა და ალუმინზე, ევროკავშირი და აშშ ერთი და იმავე პრობლემის წინაშე დგანან — გლობალური ჭარბი წარმოება.

  • "ჩვენ ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ სამართლიანი გლობალური კონკურენცია და შევამციროთ ბარიერები ჩვენ შორის. ტარიფები შემცირდება და ასევე დაინერგება კვოტების სისტემა," — თქვა მან.
  • "ჩვენ რუსულ გაზსა და ნავთობს ჩავანაცვლებთ ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის, ნავთობისა და ბირთვული საწვავის მნიშვნელოვანი შესყიდვებით. ამერიკული ხელოვნური ინტელექტის ჩიპები უზრუნველყოფენ ჩვენს ხელოვნური ინტელექტის გიგაქარხნებს და დაეხმარებიან აშშ-ს ტექნოლოგიური უპირატესობის შენარჩუნებაში," — განაცხადა ფონ დერ ლაიენმა და პირობა დადო, რომ ამერიკულ საქონელს ევროპულ ბაზარზე "უფრო ფართო წვდომას" მისცემს.

მსგავსი სიახლეები