ЗСУ-ს წარმატებული კონტრიერიში - კუპიანსკში რუსები ბლოკირებულები არიან - Deep State
უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული ოპერაციის შედეგად, რუსეთის საოკუპაციო არმია კუპიანსკში ბლოკირებულია და ქალაქის მთელი ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი გაწმენდილია.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული OSINT (ღია წყაროების დაზვერვა) ჯგუფი "დიფ სთეითი".
- "მძიმე და ხანგრძლივი ოპერაცია გრძელდება, რადგან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ჯერ კიდევ რჩება რუსების ანკლავები. სოციალურ ქსელებში უკვე ბევრი კადრი ვრცელდება, რაც თავდაცვის ძალების წარმატებულ მოქმედებებს ადასტურებს, ამიტომ, ჩვენ ვაქვეყნებთ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომლის თქმაც უკვე უსაფრთხოა" - იუწყება "დიფ სთეითი".
- ანალიტიკოსების თანახმად, ოპერაცია დაიწყო ბლოკირების ხაზის შექმნით და ქალაქში მოწინააღმდეგის გარნიზონის ძირითადი ძალებისგან მოწყვეტით. თავდაცვის ძალებმა ელვისებური სისწრაფით დაიკავეს რადკივკა და კინდრაშივკა, ასევე ცეცხლის კონტროლის ქვეშ აიღეს ჰოლუბივკა. ამის შემდეგ მოხდა მირნის (საოკუპაციო საბჭოთა სახელწოდება მოსკოვკა) და თავად კუპიანსკის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბნების გაწმენდა.
- ჯგუფის თანახმად, თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსების გამოვლენას და განადგურებას უკვე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც მათ რამდენიმე ანკლავი აქვთ. ოპერაცია გრძელდება.
.png)
დამატებითი ინფორმაცია: წარმატებული ოპერაციის შესახებ იუწყება უკრაინის ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში შემავალი კორპუს "ხარტიას" სარდლობაც, რომელიც აღნიშნულ ოპერაციაში მონაწილეობს.
- კორპუსის თანახმად, კუპიანსკის მიმართულებაზე სტაბილიზაციის ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს.
- ოპერაციის დაგეგმვასა და მეთაურობას ახორციელებდა უკრაინის ეროვნული გვარდიის (უეგ) მე-2 კორპუსი „ხარტია“ ტაქტიკურ გაერთიანება „კუპიანსკთან“ ურთიერთქმედებით და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, სირსკის, და უეგ-ის სარდლის, პივნენკოს უშუალო კონტროლის ქვეშ.
- ოპერაციის მიხედვით, დაჯგუფებამ განახორციელა გარღვევა მდინარე ოსკილისკენ, რითაც მოწინააღმდეგის მომარაგების გზები გადაკეტა.
- გათავისუფლებულია კინდრაშივკა, რადკივკა და მათი შემოგარენი, ასევე კუპიანსკის ჩრდილოეთით მდებარე რიგი კვარტლები. საერთო ჯამში, 22 სექტემბრიდან 12 დეკემბრამდე განადგურებულია 1027 რუსი, დაჭრილია 291, ტყვედ აყვანილია 13. ალყაშია 200-ზე მეტი ოკუპანტი.
.png)
მიმდინარე მომენტში: კუპიანსკის წარმატებული ოპერაციის შემდეგ, მოულოდნელად, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ადგილზე ჩავიდა.
- პრეზიდენტმა სამხედროებს ოპერაციის წარმატებით ჩატარება მიულოცა და, ამასთანავე, უკრაინის სახმელეთო ძალებს მათი დღე მიულოცა.
მეორე მხარე: 20 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ვალერი გერასიმოვმა ქალაქ კუპიანსკის აღების შესახებ რუსეთის პრეზიდენტს მოახსენა.
- "ოპერატიულმა დაჯგუფება „დასავლეთმა“ გაათავისუფლა ქალაქი კუპიანსკი და აგრძელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმირებების განადგურებას, რომლებიც ალყაში იმყოფებიან" - განუცხადა გენერალმა პუტინს.
- კუპიანსკის ალყაში მოქცეულ უკრაინელ სამხედროებზე დიდი ხანია საუბრობს რუსული მხარე; ბევრი პოლიტიკური ანალიტიკოსის თანახმად, ომის თაობაზე აშშ-რუსეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო შეთანხმების პარალელურად, სხვადასხვა ქალაქის აღებასა და ალყის შესახებ განცხადებები ემსახურება გზავნილს აშშ-ის პრეზიდენტისთვის, რომელსაც, თავის მხრივ, სჯერა, რომ უკრაინის ფრონტის ხაზი ჩამოშლის პირას არის.