იანვარში რუსული არმიის წინსვლის ტემპი უკრაინაში 1 წლის მინიმუმამდე შემცირდა
არასრული იანვრის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო არმიის წინსვლის ტემპი უკრაინაში მკვეთრად შემცირდა და გასული 1 წლის განმავლობაში მინიმალურ მაჩვენებელს გაუტოლდა.
ვითარების არსი: ამის შესახებ უკრაინის გენერალურ შტაბთან დაკავშირებული OSINT პროექტის, Deep State-ის მონაცემების ანალიზი მეტყველებს.
- მიმდინარე თვის განმავლობაში რუსეთის არმიამ სულ 152 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიკავა, რაც სამჯერ უფრო ნაკლებია 2025 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე.
- ამასთანავე, გასული კვირის განმავლობაში წინსვლის ტემპი 2025 წლის მარტის შემდეგ მინიმალურ დონეზეა.
ჩაშლილად: იანვრის განმავლობაში ყველაზე აქტიურად საოკუპაციო არმია დონეცკის ოლქის ჩრდილოეთში ქალაქ სლოვიანსკა და კონსტანტინივკას რაიონში მიიწევდა - ამ მონაკვეთზე მათ სულ 60 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიკავეს.
- 38 კვადრატული კილომეტრი დაიკავა საოკუპაციო არმიამ ქალაქ პოკროვსკის რაიონში და დაახლოებით ამდენივე დონეცკის სამხრეთ ნაწილში, ზაპორიჟიის ოლქის საზღვრის მიდამოებში.
- იანვრის მაჩვენებელი (152 კვ/კმ²) საგრძნობლად ჩამოუვარდა გასული თვეების მაჩვენებელს: დეკემბერი - 423 კვ/კმ²; ნოემბერი - 489 კვ/კმ².
სტრიქონებს შორის: საოკუპაციო არმიის წინსვლის შენელების ტენდენცია სამხედრო ექსპერტების შეფასებით დეკემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყო და ამის მიზეზად გაუარესებული ამინდი, შემცირებული დღე და მწვანე საფარის არარსებობა სახელდება.
- ექსპერტების შეფასებით, ამ გარემოში გაცილებით რთულდება ქვეითი დანაყოფების მოძრაობა და შეზღუდულია მობილობა, ხოლო ბრძოლის ველი უფრო გამჭვირვალეა.
- პრაქტიკულად შეჩერებულია რუსული არმიის წინსვლა ზაპორიჟიის ოლქში, ქალაქ ჰულაიპოლეს მიმართულებით, რომელსაც ოკუპანტები მთელი დეკემბრის განმავლობაში აქტიურად უტევდნენ.
დიდი სურათი: საოკუპაციო არმიის წინსვლის შეჩერება აბუ-დაბიში დაწყებული სამმხრივი მოლაპარაკებების ფონზე მიმდინარეობს - გასულ თვეებში ბრძოლის ველზე წინსვლის მზარდ ტემპს რუსეთის აშშ-სთან მოლაპარაკებებში კოზირად იყენებდა და დონეცკის ოლქიდან უკრაინული ჯარების გაყვანას ითხოვდა.
- რუსეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ბოლო ვიზიტის შემდეგ საგარეო საკითხებში ვლადიმირ პუტინის მრჩეველმა, იური უშაკოვმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს დასახული ამოცანების შესრულებას ბრძოლის ველზე.
კონტექსტი: 2025 წლის შემოდგომაზე, როდესაც რუსეთის არმია წინსვლის მზარდ ტემპებს აჩვენებდა, სამხედრო კომუფლაჟში გამოწყობილი ვლადიმირ პუტინი დროის მოკლე მონაკვეთში რამდენიმეჯერ ესტუმრა სხვადასხვა სამეთაურო პუნქტს ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში.
- გენერლები რუსეთის პრეზიდენტს რეალური და გამოგონილი წარმატების შესახებ უყვებოდნენ, თუმცა თავად პუტინი და პროპაგანდა ცდილობდა გარდაუვლად წარმოეჩინა უკრაინული დანაყოფების მარცხი დონბასში.