პუტინი ზელენსკი-ტრამპის სამიტამდე: დონბასზე შეთანხმება თითქმის არ გვაინტერესებს

მაიამიში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მნიშვნელოვან შეხვედრამდე პუტინს დონეცკის ოლქში საოკუპაციო არმიის მიერ თითქოს დაკავებული ქალაქების შესახებ მოახსენეს, რის შემდეგაც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კრემლმა თითქმის სრულად დაკარგა ინტერესი დონეცკის ოლქთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ. 

ვითარების არსი: ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის მოხსენების შემდეგ ისაუბრა - კრემლის ცნობით, ღონისძიება ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში, ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე შედგა. 

  • "თქვენი ანგარიშის მიხედვით, წინსვლის ტემპის გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ თვალს ვადევნებთ ფრონტის მთელ გაყოლებაზე ჩვენი დაინტერესება უკრაინული ფორმირების გაყვანით მათ მიერ ჯერჯერობით კონტროლირებული ტერიტორიებიდან პრაქტიკულად ნულს უტოლდება"- მიმართა პუტინმა ვალერი გერასიმოვს. 

  • რუსეთის პრეზიდენტმა მორიგ ჯერზე განაცხადა, რომ "თუ კიევის რეჟიმს არ სურს მოლაპარაკება" რუსეთი დასახულ მიზნებს შეიარაღებული გზით მიაღწევს. 

ჩაშლილად: ამასთანავე პუტინმა კიდევ ერთხელ გაიხსენა თავდაპირველი ე.წ. 28-პუნქტიანი გეგმა და განაცხადა, რომ დასავლეთში ბოლო პერიოდში გამოჩნდნენ "ჭკვიანი ადამიანები", რომლებიც კიევს კონფლიქტის "ღირსეულ" პირობებზე დასრულებას ურჩევენ. 

  • "მაგრამ, დღესაც სამწუხაროდ ვხედავთ, რომ კიევის რეჟიმის მეთაურები უარს ამბობენ კონფლიქტის გადაწყვეტაზე მშვიდობიანი მეთოდებით"- განაცხადა პუტინმა. 

დაეწიე ამბავს: ამგვარად სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა პუტინმა დაასრულა მორიგი ვიზიტი სამეთაურო პუნქტზე, სადაც მას უკრაინული ქალაქების მირნოჰრადისა და ჰულაიპოლეს დაკავების შესახებ მოახსენეს. 

  • დამოუკიდებელი წყაროების ცნობით, საოკუპაციო არმია მართლაც აკონტროლებს ამ დასახლებების მნიშვნელოვან ნაწილებს, თუმცა არა მთლიანად ქალაქებს, ხოლო კონტროლი არ არის მყარი - Deep State-ის შეფასებით, საუბარია ვრცელ ნაცრისფერ ზონებზე, რომლებზეც არცერთ არმიას არ აქვს მყარი კონტროლი. 

  • მიუხედავად ამისა, ბოლო კვირებში განსაკუთრებით ტრამპის მიერ ინიცირებული ახალი სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობისას პუტინის ვიზიტები სამეთაურო პუნქტებზე საგრძნობლად გახშირდა. 

  • გასულ კვირებში რუსეთის პრეზიდენტმა დაახლოებით ათამდე ასეთი სამხედრო თათბირი გამართა, მათ შორის სულ ბოლოს 1 დეკემბერს, (რედ. მეორე დღეს პუტინი სტივ უიტკოფს უნდა შეხვედროდა) როდესაც მას ქალაქ პოკროვსკის დაკავების შესახებ მოახსენეს - დამოუკიდებელი წყაროების ცნობით, უკრაინული არმიამ ამ დრომდე ინარჩუნებს ქალაქის რამდენიმე უბანს, ჩრდილოეთ ნაწილში. 

  • პუტინს ასევე რამდენჯერმე მოახსენეს ქალაქ კუპიანსკის დაკავების შესახებ, თუმცა გასულ კვირებში უკრაინული არმიის კონტრიერიშის შედეგად პრაქტიკულად სრულად აღადგინა კონტროლი ქალაქზე. 

დიდი სურათი: არაერთი კომენტატორის აზრით, სამხედრო წარმატებების გაზვიადებით ვლადიმირ პუტინი უკრაინაზე წნეხის გაზრდას და დასავლეთში უკრაინის მარცხის გარდაუვალობის აღქმის შექმნას ცდილობს. 

  • პუტინს არაფერი უთქვამს უშუალოდ მაიამიში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ ზელენსკის მიერ გავრცელებული სამშვიდობო შეთანხმება რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც რომელსაც აშშ განიხილავდა ამერიკასთან. 

კონტექსტი: დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრამდე 28 დეკემბერს თბილისის დროით დაახლოებით 22 საათზე დაიწყება, მთავარ განსახილველ საკითხებს შორის იქნება ტერიტორიული დათმობები და ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის ფუნქციონირება. 

  • ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევსა და ვაშინგტონს სერიოზული პროგრესი აქვთ, განსაკუთრებით უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე, თუმცა არსებობს კვლავ გადაუწყვეტელი საკითხები. 

  • უკრაინელმა პრეზიდენტმა პირველად გამოხატა მზაობა დონბასში ე.წ. დემილიტარიზებული ზონის შექმნის შესახებ, თუმცა განაცხადა, რომ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე საჭირო იქნება მთლიანად სამშვიდობო შეთანხმების რეფერენდუმზე გატანა, რომელიც არჩევნებთან ერთად ჩატარდება, რომელიც შეუძლებელი იქნება მანამდე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გარეშე. 

მსგავსი სიახლეები