ევროკავშირში წინ წაიწია დისკუსიამ რუსული აქტივების ათვისების შესახებ - Reuters

უკრაინის დასახმარებლად რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების შესახებ მიმდინარე მსჯელობებში ევროკავშირს საგრძნობი პროგრესი აქვს, თუმცა საკვანძო გადაწყვეტილება ხვალ, 18 დეკემბერს უნდა მიიღონ. 

ვითარების არსი: ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს

  • წყაროების ცნობით, ცვლილებები შევიდა თავდაპირველ გეგმაში, რომლის მიხედვითაც 2026-27 წლებში უკრაინის დასაფინანსებლად მხოლოდ ბელგიური დეპოზიტარის, EuroClear-ის ანგარიშებზე არსებული 180 მილიარდი ევროს გამოყენება იგეგმებოდა. 

  • ბელგიის მთავრობის პოზიცია იყო, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა ასეთ სქემაში მონაწილეობას, თუ უკრაინის დასაფინანსებლად ევროპის სხვა ქვეყნებში გაყინულ აქტივებსაც გამოიყენებდნენ. 

ჩაშლილად: ღია წყაროებში არსებული ცნობების მიხედვით, რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი 18 მილიარდი ევრო საფრანგეთში ინახება და კიდევ შედარებით მცირე თანხებია ლუქსემბურგში, გერმანიასა და შვედეთში - ჯამურად დაახლოებით 210 მილიარდი ევრო. 

  • წყაროების ცნობით, ეს საკითხი მხარეებმა წარმატებით გადაჭრეს 16 დეკემბერს გამართული კონსულტაციების დროს. 

  • "ამ დებატების შემდეგ უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვიდრე მანამდე"- ამბობს გამოცემასთან საუბარში გერმანელი დიპლომატი. 

დიდი სურათი: პროგრესის მიუხედავად კვლავ გადასაწყვეტი რჩება მთავარი საკითხი - ბელგიის მთავრობა ბლოკის დანარჩენი წევრებისგან სამართლებრივი და ფინანსური რისკების თანაბრად განაწილებას მოითხოვს. 

  • "ბელგიის პრემიერ-მინისტრი პრაქტიკულად ე.წ. მუდმივმოქმედ ცარიელ ჩეკს ითხოვს"- ამბობს ერთ-ერთი წყარო - მისი თქმით, ბლოკის წევრები მზად არიან საკმაოდ შორს შევიდნენ თავიანთ წინადადებებში, თუმცა კვლავ არსებობს პრობლემური საკითხები. 

  • წყაროების ცნობით, 18 დეკემბრის შეხვედრაზე ევროკავშირმა ასევე უნდა განიხილოს რუსეთთან არსებული საინვესტიციო პარტნიორების ხელშეკრულებიდან გასვლის საკითხიც. 

  • ასევე პრობლემად რჩება საფრანგეთის პოზიცია, რომელიც ითხოვს, რომ გაყინული აქტივების გამოყენების შემთხვევაში უკრაინის შეიარაღებისთვის გამოყოფილი თანხები ევროპელ მწარმოებლებთან დაიხარჯოს. 

მსგავსი სიახლეები