ფინეთი ბირთვული იარაღის განთავსებაზე აკრძალვის გაუქმებას გეგმავს
ფინეთის მთავრობა გეგმავს, ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებაზე არსებული ხანგრძლივი აკრძალვა მოხსნას. ხელისუფლების განცხადებით, ეს ნაბიჯი ქვეყნის თავდაცვას ნატო-ს შეკავების პოლიტიკასთან დააახლოებს.
ვითარების არსი: ქვეყნის თავდაცვის მინისტრის თქმით, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ფინეთისა და ევროპის უსაფრთხოების გარემო „ფუნდამენტურად და არსებითად შეიცვალა“.
- ფინეთმა, რომელიც რუსეთისგან მომდინარე საფრთხის გამო შეშფოთებული იყო, 2023 წელს ათწლეულების განმავლობაში დაცული სამხედრო ნეიტრალიტეტი დათმო და ნატო-ს შეუერთდა.
რა იცვლება: ფინეთის 1987 წლის „ბირთვული ენერგიის შესახებ“ კანონი ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობების იმპორტს, წარმოებას, ფლობასა და დეტონაციას, მათ შორის ომის დროსაც, კრძალავს.
- სამთავრობო წინადადების მიხედვით, აღნიშნული რეგულაცია შეიცვლება, რაც ფინეთის სამხედრო თავდაცვასთან დაკავშირებულ შემთხვევებში ბირთვული იარაღის ქვეყანაში შემოტანის, ტრანსპორტირებისა და ფლობის შესაძლებლობას დაუშვებს.
- „ეს ცვლილება აუცილებელია ალიანსის ფარგლებში ფინეთის სამხედრო თავდაცვის უზრუნველსაყოფად და ნატო-ს შეკავებისა და კოლექტიური თავდაცვის სრული პოტენციალის გამოსაყენებლად“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა პრესკონფერენციაზე.
დიდი სურათი: ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის პრინციპი, რომელიც ალიანსის ბირთვული შეკავების სტრატეგიას ეფუძნება, გულისხმობს, რომ ერთ წევრზე თავდასხმა მთლიანად ალიანსზე განხორციელებულ თავდასხმად ჩაითვლება.
- ვინაიდან ნატო-ს შემადგენლობაში ბირთვული სახელმწიფოები შედიან, წევრ ქვეყანაზე პირდაპირი თავდასხმა ბირთვული პასუხის რისკს ატარებს. შეიარაღების კონტროლისა და გაუვრცელებლობის ცენტრის მონაცემებით, აშშ-ის ბირთვული იარაღი უკვე განთავსებულია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.
კონტექსტი: ფინეთის მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება ემთხვევა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ გამოცხადებულ ახალ ბირთვულ დოქტრინას - „წინმსწრებ შეკავებას“ ევროპის დასაცავად.
- ახალი დოქტრინა საფრანგეთს საშუალებას აძლევს, ბირთვული კომპონენტები, მათ შორის ბირთვული იარაღით აღჭურვილი „რაფალის“ (Rafale) ტიპის გამანადგურებლები, მოკავშირე ქვეყნების ტერიტორიაზე დროებით განათავსოს