ვალტონენი: საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე რუსეთზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს.

ვითარების არსი: მისი თქმით, საქართველოში არსებული ვითარება ძალიან შემაშფოთებელია.

  • "სამხრეთ კავკასიიდან ახლახან დავბრუნდი და სამწუხაროდ, რაც საქართველოში ვნახე, ძალიან, ძალიან შემაშფოთებელია. რიგითი ადამიანების წინააღმდეგ ქუჩებში რეპრესიები არის ის, რაც მიუღებელია. საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს, რაც ძალიან ძლიერ სიგნალს გვიგზავნის ყველა ჩვენგანს. ცხადია, ეს არ არის ევროპული გზა, მაგრამ ეს არც ის გზაა, რაც ქართველმა ხალხმა აირჩია. ასე რომ, ამ კუთხითაც სიმტკიცე უნდა გამოვიჩინოთ," - აღნიშნა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
  • ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს მთავრობა არ უსმენს საკუთარ ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული.
  • მისი თქმით, ქვეყანაში ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებას ხელისუფლებაში მყოფი პირები უწყობენ ხელს.

ჩაშლილად: 20 ოქტომბერს, ლუქსემბურგში გამართულ სხდომაზე, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე იმსჯელებენ. ასევე მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებული საქმეებზე. სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვასა და ძალადობის შემთხვევებზე.

  • ელინა ვალტონენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, 14 ოქტომბერს ის შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, ხოლო საღამოს რუსთაველის გამზირზე აქციაზე მივიდა.
  • მოგვიანებით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი გზის "უკანონოდ გადაკეტვისთვის" შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ათასი ლარით დააჯარიმა.
  • 15 ოქტომბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ფინეთის საგარეო მინისტრთან შეხვედრა გააუქმა.
  • ამის შემდეგ, ფინურმა გამოცემა Helsingin Sanomat-მა დაწერა, რომ მათთან სატელეფონო საუბარში ვალტონენმა განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა თავად გააუქმა. ვალტონენის თქმით, გადაწყვეტილება ფინურმა მხარემ განრიგის ცვილების გამო მიიღო და ქართულ მხარეს 14 ოქტომბერს, ღამით შეატყობინა.
  • "შეხვედრის გაუქმება აზერბაიჯანში დროზე ჩასვლის გამო მომიწია" – თქვა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები