ფინეთის პრეზიდენტი: პუტინი ვა-ბანკზე მიდის, ფსონად კი რუსეთის მომავალს დებს

ფინეთის პრეზიდენტი რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანექსიის შესახებ რეფერენდუმების დაანონსებას გამოეხმაურა. 

ამის შესახებ საული ნიინოსტომ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ისაუბრა.

"ჩვენ ვიმყოფებით ვითარებაში, რომელშიც პოკერის ენა რომ გამოვიყენოთ ვლადიმირ პუტინი ვა-ბანკზე წავიდა. ამგვარი თამაში ძალიან სარისკოა. ვა-ბანკში რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მომავალს ვგულისხმობ",- განაცხადა ნიინისტომ. 

ნიინისტოს თქმით, რუსეთის მიერ დაანონსებულ ე.წ. იურიდიულ პროცესს რეფერენდუმებსაც ვერ ვუწოდებთ.

კონტექსტი

უკრაინის შეიარაღებული ძალები მიერ სექტემბრის დასაწყისში წამოწყებული წარმატებული კონტრიერიშის შემდეგ, რუსეთის მმართველი პარტიის ლიდერები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის თარიღის გადატანის შესაძლებლობაზე საუბრობდნენ. 

უკრაინის არმიის მხრიდან გაძლიერებული წნეხისა და ფრონტზე გაუარესებული მდგომარეობის ფონზე რუსი პროპაგანდისტები და ურაპატრიოტები ვლადიმირ პუტინს სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებიკენ მოუწოდებდნენ. 

20 სექტემბერს ე.წ. დონბასის სახალხო რესპუბლიკების ლიდერებმა რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმების დაჩქარების აუცილებლობის შესახებ განაცხადეს. 

მალევე ლუჰანსკელი და დონეცკელი სეპარატისტების ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ ე.წ. რეფერენდუმები 23-27 სეტქემბრის პერიოდში ჩატარდება. 

მალევე დონბასის ე.წ. რესპუბლიკებს შეურთდნენ რუსი კოლაბორანტები ოკუპირებულ ზაპორიიჟისა და ხერსონის ოლქებში. რეფერენდუმი აქაც იმავე თარიღებში ჩაინიშნა.

მალევე დონეცკელი სეპარატისტების ლიდერმა დენის პუშილინმა განაცხადა, რომ უკვე მიმართა ვლადიმირ პუტინს რეფერენდუმზე დადებითი შედეგის შემთხვევაში მაქსიმალურად სწრაფად განიხილოს რუსეთთან მიერთების მიმართვა.

დღის განმავლობაში რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო შესწორებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც სამხედრო მობილიზაციისა და საომარი მდგომარეობის ცნებას ამკვიდრებს. 

უკვე საღამოს ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ-სთვის ცნობილია, რომ ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადოს. 

 

მსგავსი სიახლეები