ისრაელის ავიაციამ სირიაში ქიმიური იარაღის საწყობები დაბომბა

 

2020 წლის მარტში და 2021 წლის ივნისში ისრაელმა სირიის ქიმიური იარაღის საწყობები დაბომბა. მოსადის ინფორმაციით, სირიელი დიქტატორი ბაშარ ასადი არალეგალური ქიმიური არსენალის აღდგენას გეგმავდა. ამის შესახებ ინფორმაცია Washington Post-მა ორშაბათს გაავრცელა.

დასავლური სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლებმა ამერიკულ გამოცემას ინფორმაცია ავიადარტყმების შესახებ ცოტა ხნის წინ მიაწოდეს. მათი თქმით, ისრაელის ავიაციამ დამასკოსა და ჰომსში 3 ობიექტი გაანადგურა, რასაც 7 სირიელი სამხედროს და ლაბორატორიაში მყოფი ერთი მეცნიერის სიცოცხლეც შეეწირა.

ამერიკულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე ისრაელის თავდაცვის ძალებში კომენტარს არ აკეთებენ.

ავიადარტყმებმა დასავლური სადაზვერვო სამსახურების ყურადღება იმიტომ მიიპყრო, რომ სირიაში მყოფი ირანული ძალების განადგურებას არ ისახავდა მიზნად.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის დაზვერვამ მიიღო ცნობები, რომ 2020 წელს ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღის პროგრამის გაგრძელება გადაწყვიტა, რომელიც 2014 წელს ობამას ადმინისტრაციის ზეწოლით შეაჩერა.

ასადმა ქიმიური იარაღი 2013 წლის აგვისტოში დამასკოს გარეუბნებში ამბოხებულების წინააღმდეგ გამოიყენა, რასაც 1400 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

მსგავსი სიახლეები