ხამენეის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია ტრამპს ნეთანიაჰუმ მიაწოდა - Axios

გამოცემა Axios-ის ჟურნალისტის, ბარაკ რავიდის მასალის თანახმად, 23 თებერავალს, ორშაბათს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრეზიდენტ ტრამპს დაურეკა და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა: ირანის უზენაესი ლიდერი და მისი უმაღლესი მრჩევლები შაბათს დილით თეირანში, ერთ კონკრეტულ ადგილას შესახვედრად ემზადებოდნენ.

მასალის თანახმად, ნეთანიაჰუმ ტრამპსა და მის გუნდს უთხრა, რომ მათი ლიკვიდაცია ძლიერი საჰაერო დარტყმით იქნებოდა შესაძლებელი.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რავიდის თანახმად, 23 თებერვლის ეს სატელეფონო საუბარი - რომელიც თეთრი სახლის სიტუაციურ ოთახში შედგა და აქამდე არ გახმაურებულა - გადამწყვეტი მომენტი იყო, რომელმაც ირანთან ომს მისცა ბიძგი.

  • ის პასუხობს კითხვას, რომელსაც კანონმდებლები, ტრამპის მხარდამჭერი სკეპტიკოსები და მსოფლიო ლიდერები შაბათიდან მოყოლებული სვამენ: რატომ ახლა?
  • პასუხი ამგვარია: აიათოლა ალი ხამენეი და მისი გარემოცვა ისეთ მნიშვნელოვან სამიზნეებს წარმოადგენდნენ, რომლის ხელიდან გაშვება არც ტრამპს და არც ნეთანიაჰუს არ სურდათ.

დეტალები: ტრამპი ირანზე დარტყმისკენ ისედაც იხრებოდა, ვიდრე ხამენეის შესახებ ახალ სადაზვერვო ინფორმაციას მიიღებდა. მან არ იცოდა, როდის განეხორციელებინა ეს გეგმა, ვიდრე ნეთანიაჰუ არ დაუკავშირდა.

  • აშშ და ისრაელი დარტყმის განხორციელებას შაბათამდე ერთი კვირით ადრეც განიხილავდნენ, მაგრამ სადაზვერვო და ოპერატიული მიზეზების, მათ შორის ცუდი ამინდის გამო, გადადეს.

საბოლოო მზადება: ტრამპის დავალებით ჩატარებულმა CIA-ს პირველადმა შემოწმებამ დაადასტურა ისრაელის სამხედრო დაზვერვის მიერ ხამენეის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია. მოსამზადებელი სამუშაოები დაჩქარდა, რადგან ტრამპმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ განიხილავდა მოქმედებაზე გადასვლას, თუმცა, მანამდე პრეზიდენტს „ქვეყნის მდგომარეობის შესახებ“ ყოველწლიური მოხსენებით უნდა გამოსულიყო კონგრესში.

  • აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ტრამპმა „გამიზნული გადაწყვეტილება“ მიიღო, ზედმეტად არ გაეამახვილებინა ყურადღება ირანზე, რათა აიათოლა არ შეეშინებინათ და დარტყმამდე არ მიმალულიყო. ხუთშაბათისთვის CIA-მ სრულად „დაადასტურა, რომ ეს ადამიანები ერთად იქნებოდნენ და ჩვენ უნდა გვესარგებლა ამ შესაძლებლობით“, - განაცხადა წყარომ.
  • იმავე დღეს, ჟენევაში ირანელ ოფიციალურ პირებთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ტრამპის წარმომადგენლებმა, ჯარედ კუშნერმა და სტივ უიტკოფმა, მოკლე და მკაფიო ვერდიქტი გამოიტანეს: მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
  • „თუ გადაწყვეტთ, რომ დიპლომატია გსურთ, ჩვენ ვიბრძოლებთ გარიგების მისაღწევად. მაგრამ ამ ხალხმა დაგვანახა, რომ არ არიან მზად იმგვარი გარიგებისთვის, რაც თქვენ დაგაკმაყოფილებთ“, - უთხრეს ტრამპს, როგორც ამ ზარის დეტალების მცოდნე აშშ-ის ოფიციალური პირი აცხადებს.
  • ტრამპი ორ საკითხზე იყო დარწმუნებული: დაზვერვის მონაცემები სარწმუნო იყო, ხოლო დიპლომატია - მკვდარი. პარასკევს შუადღით, მან საბოლოო ბრძანება გასცა. თერთმეტი საათის შემდეგ თეირანში ბომბები ჩამოცვივდა, ხამენეი მოკლეს და ომიც დაიწყო.

კულისებს მიღმა: ტრამპი ნეთანიაჰუს ახლო პარტნიორად აღიქვამს და მართლაც მზად იყო მისი რჩევები მიეღო ირანთან დაკავშირებით, თუმცა, ამავე დროს, გადაწყვეტილი ჰქონდა, ჯერ დიპლომატიური გზები ამოეწურა.

  • „თეთრი სახლის ერთი მხარე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ხოლო მეორე მხარე ისრაელთან ერთობლივ სამხედრო დაგეგმვას ახორციელებდა“, - თქვა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა. „ის [ტრამპი] მუდმივად აფასებდა ორივე მხარეს“.

სტრიქონებს შორის: სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომელსაც აკრიტიკებდნენ იმ მოსაზრების გამო, თითქოს ისრაელმა აშშ ომში ჩაითრია, სამშაბათს ამტკიცებდა, რომ ეს ოპერაცია „მაინც მოხდებოდა“ და ეს უბრალოდ „დროის საკითხი იყო“.

  • „ამ შაბათ-კვირამ შექმნა უნიკალური შესაძლებლობა, მიგვეღო ერთობლივი ზომები ამ საფრთხის წინააღმდეგ“, - განუცხადა მან კაპიტოლიუმში ჟურნალისტებს. „ჩვენ გვინდოდა, რომ ამას მაქსიმალური წარმატება ჰქონოდა“.
  • „ტრამპს დარტყმა უფრო ადრე, იანვრის დასაწყისში უნდოდა. გადადება ნეთანიაჰუმ ითხოვა“, - თქვა ისრაელის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა და ხაზი გაუსვა, რომ დრო „სრულად იყო შეთანხმებული“ იმ „გაგებით, რომ ეს ერთობლივად განხორციელდებოდა“.

ინტრიგა: თავდაპირველი გეგმა დარტყმას მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში ითვალისწინებდა, რაც ადმინისტრაციას საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად დროს მისცემდა. აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, ნეთანიაჰუ დაჟინებით მოითხოვდა პროცესის დაჩქარებას. მისივე თქმით, ნეთანიაჰუ ამტკიცებდა, რომ უსაფრთხო თავშესაფრებში მყოფი ირანელი ოპოზიციონერი ლიდერები რეჟიმის მხრიდან ლიკვიდაციის საფრთხის წინაშე იყვნენ.

  • დაჩქარებულმა ვადებმა ადმინისტრაცია მოუმზადებელი დააყენა: ნაცვლად იმისა, რომ კვირები დაეხარჯათ საზოგადოებისთვის ომის აუცილებლობის დასამტკიცებლად, თეთრი სახლი აღმოჩნდა თავის მართლების პოზიციაში მას შემდეგ, რაც ბომბები უკვე ჩამოცვივდა.

აჩქარებული მოვლენები: იმის გამო, რომ ტრამპმა და ნეთანიაჰუმ შაბათის თავდასხმა საიდუმლოდ შეინახეს, ბევრი ამერიკელი სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა ირანის მიერ სპარსეთის ყურეში საპასუხო დარტყმებისთვის.

  • სახელმწიფო დეპარტამენტმა სასწრაფოდ დაიწყო ევაკუაცია 1500-ზე მეტი ამერიკელისთვის, რომლებმაც რეგიონის დატოვება ითხოვეს.
  • კითხვაზე, თუ რატომ არ არსებობდა ევაკუაციის გეგმა, ტრამპმა უპასუხა: „ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა“.

მეორე მხარე: ისრაელის ელჩმა ვაშინგტონში, იეხიელ ლეიტერმა, 23 თებერვლის ზარის დეტალებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, მაგრამ უარყო, რომ ნეთანიაჰუ აგიტაციას უწევდა ან ოდესმე დაჩქარების მიზეზად ირანელი ოპოზიციონერი ლიდერების საფრთხე დაესახელებინა.

  • „გასული წლის განმავლობაში ჩვენ ირანთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებთან უფრო მჭიდროდ ვიმუშავეთ, ვიდრე ოდესმე, და ერთნაირად ვხედავთ იმ საფრთხეს, რომელსაც ირანი უქმნის ისრაელს, აშშ-სა და თავისუფალ სამყაროს“, - უთხრა ლეიტერმა Axios-ს.
  • „ყველამ, ვინც იცნობს პრეზიდენტ ტრამპს, იცის, რომ ის ძლიერი ლიდერია, რომლის მართვაც შეუძლებელია“, - დასძინა ელჩმა.

დასკვნა: ტრამპი სამშაბათს ასევე უარყოფდა ნებისმიერ ვარაუდს იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება ნეთანიაჰუმ მიაღებინა. „ჩვენ ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს ამ შეშლილებთან და ჩემი აზრი იყო, რომ ისინი პირველები დაგვარტყამდნენ. ამაში მტკიცედ ვიყავი დარწმუნებული. თუ რამეა, შესაძლოა, ისრაელს მე ვაიძულებდი მოქმედებას“, - განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები