კვლევა: უკრაინასთან ომში ჩართვას ბელორუსთა 5% უჭერს მხარს
ბელორუსიში მოსახლეობის მხოლოდ 5%-ს მიაჩნია, რომ ბელორუსის არმიამ უკრაინაში რუსეთის აგრესიაში უნდა მიიღოს მონაწილეობა. აპრილთან შედარებით ეს რიცხვი 6%-დან 5%-მდე შემცირდა. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია "ბელორუსული ინიციატივის" ვებ-გვერდზე, რომელიც Chatham House-ისა და ბელორუსის "ახალი იდეების ცენტრის" ერთობლივი პროექტია.
"ბელარუსების დამოკიდებულება უკრაინაში რუსეთის ომის მიმართ ნეგატიურია. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის მხარდაჭერა თანდათან ქრება. მცირდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ აუცილებელია რუსეთის ქმედებების მხარდაჭერა (მარტში - 28%; ივნისში - 23%). ხოლო იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ბელორუსმა უნდა მიიღოს მონაწილეობა საომარ მოქმედებებში რუსეთის მხარეზე 5%-ია," - წერს თავის Telegram-ზე "ბელორუსული ინიციატივის" დირექტორი რიჰორ ასტაპენია.
კვლევის მიხედვით, უკრაინაში რუსული არმიის ქმედებებს მხარს გამოკითხულთა 43% უჭერს. ამავდროულად, რუსული არმიის სამხედრო ოპერაციების ცალსახა მოწინააღმდეგეების რაოდენობა ცალსახა მომხრეებზე 2.5-ჯერ მეტია - შესაბამისად 35% და 14%.
წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2022 წლის აპრილში ჩატარდა, გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგები ბელორუსისთვის უარყოფითი იქნება (ივნისში - 55%; აპრილში - 53%).
კვლევა 2022 წლის 6-დან 17 ივნისამდე ინტერნეტ ინტერვიუს (CAWI) საშუალებით ჩატარდა. მასში მონაწილეობა 804 რესპონდენტმა მიიღო.