ლიბანის პრეზიდენტი: სამთავრობო კრიზისი უნდა დასრულდეს

 

ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა პოლიტიკურ ძალებს სამთავრობო კრიზისის დასრულებისკენ მოუწოდა.

ბოლო თერთმეტი კვირაა, რაც ლიბანის სამთავრობო კაბინეტი შეხვედრას ვერ ახერხებს ჰეზბოლას მიერ დაწყებული ბოიკოტის გამო.

გავლენიანი შიიტური დაჯგუფება მოსამართლე ტარიკ ბიტარის გათავისუფლებას ითხოვს, რომელიც 2020 წელს ბეირუთის პორტის აფეთქების საქმეს განიხილავს.

აუნმა ლიბანის მმართველი კოალიციის წევრებს - მათ შორის ჰეზბოლას და მასთან დაახლოებულ ამალის პარტიას - „ეროვნული დიალოგისკენ“ მოუწოდა.

ლიბანის პრეზიდენტმა, რომელიც მარონიტი ქრისტიანების თემს წარმოადგენს, სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებთან ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილიც გამოთქვა.

ლიბანსა და მის ფინანსურად ხელგაშლილ მოკავშირეს, საუდის არაბეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც ლიბანის ინფორმაციის მინისტრმა ჯორჯ კორდაჰიმ, ოქტომბერში, ერთ-ერთ ინტერვიუში, ერ-რიადი იემენის ომში ჩარევის გამო გააკრიტიკა.

მინისტრის განცხადებას მწვავე რეაქცია მოჰყვა - სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანამ ბეირუთიდან ელჩები გამოიწვია, ხოლო საუდის არაბეთმა ლიბანურ საქონელს ემბარგო დაადო.

სუნიტი საუდები თვლიან, რომ ლიბანი სულ უფრო მეტად ექცევა ირანის გავლენის ქვეშ, რომელიც შიიტურ გასამხედროებულ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ტრადიციულ მოკავშირედ ითვლება.

 


ახლო აღმოსავლეთის მრავალკონფესიური ქვეყანა ბოლო რამდენიმე წელია მძიმე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისში იმყოფება.

მსგავსი სიახლეები