მაკრონი რუსეთის რეფერენდუმებზე: უკრაინის შეიარაღებას გავაგრძელებთ

საფრანგეთის პრეზიდენტი, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმების თარიღის გამოცხადებას გამოეხმაურა. 

ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი არასდროს აღიარებს ამ რეფერენდუმის შედეგებს - "ეს არის ცინიზმი და პროვოკაცია. ეს იდეა ამდენად ტრაგიკული, რომ არ იყოს სასაცილო იქნებოდა". 

მაკრონის თქმით, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს საფრანგეთის მიდგომაზე კონფლიქტის მიმართ და საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებას. 

რუსულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რეფერენდუმების თარიღის გამოცხადების შემდეგ ემანუელ მაკრონმა პუტინთან სატელეფონო საუბარის გამართვა მოითხოვა, თუმცა კრემლისგან უარი მიიღო. 

კონტექსტი

უკრაინის შეიარაღებული ძალები მიერ სექტემბრის დასაწყისში წამოწყებული წარმატებული კონტრიერიშის შემდეგ, რუსეთის მმართველი პარტიის ლიდერები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის თარიღის გადატანის შესაძლებლობაზე საუბრობდნენ. 

უკრაინის არმიის მხრიდან გაძლიერებული წნეხისა და ფრონტზე გაუარესებული მდგომარეობის ფონზე რუსი პროპაგანდისტები და ურაპატრიოტები ვლადიმირ პუტინს სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებიკენ მოუწოდებდნენ. 

დღეს, 20 სექტემბერს ე.წ. დონბასის სახალხო რესპუბლიკების ლიდერებმა რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმების დაჩქარების აუცილებლობის შესახებ განაცხადეს. 

მალევე ლუჰანსკელი და დონეცკელი სეპარატისტების ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ ე.წ. რეფერენდუმები 23-27 სეტქემბრის პერიოდში ჩატარდება. 

მალევე დონბასის ე.წ. რესპუბლიკებს შეურთდნენ რუსი კოლაბორანტები ოკუპირებულ ზაპორიიჟისა და ხერსონის ოლქებში. რეფერენდუმი აქაც იმავე თარიღებში ჩაინიშნა.

მალევე დონეცკელი სეპარატისტების ლიდერმა დენის პუშილინმა განაცხადა, რომ უკვე მიმართა ვლადიმირ პუტინს რეფერენდუმზე დადებითი შედეგის შემთხვევაში მაქსიმალურად სწრაფად განიხილოს რუსეთთან მიერთების მიმართვა.

დღის განმავლობაში რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო შესწორებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც სამხედრო მობილიზაციისა და საომარი მდგომარეობის ცნებას ამკვიდრებს. 

უკვე საღამოს ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ-სთვის ცნობილია, რომ ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადოს. 

მსგავსი სიახლეები