მერცი: შოლცმა დრო დაკარგა, უკრაინის დასახმარებლად არასკმარისს ვაკეთებთ

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ფრიდრიხ მერცმა ოლაფ შოლცი უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის საკითხთან დაკავშირებით გააკრიტიკა. 

"ჩვენ რასაც ვაკეთებთ ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინის დასახმარებლად არ არის საკმარისი, ამავდროულად მთავრობაში კამათობენ თუ რა ტიპის შეიარაღება გადასცენ უკრაინას",- ამბობს მერცი ტაბლოიდ Bild-თან ინტერვიუში. 

მერცის თქმით, ამგვარი პოზიციის გამო გერმანიის სულ უფრო ხშირად აკრიტიკებენ საერთაშორისო არენაზე, ხოლო ფედერალური კანცლერი "სიმართლის მხოლოდ ნახევარს ამბობს". 

ამავდროულად მერცის აზრით შოლცმა დაკარგა ძვირფასი დრო, რაც უკრაინის შეიარაღებისთვის უნდა გამოყენებულიყო. მისი თქმით, ამ პროცესის შედეგად კანცლერმა შოლცა დაკარგა როგოროც მოსახლეობის ნაწილის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის ნდობა - "ის აღარ აღიქმება სტრატეგიული ხედვის და აზროვნების მქონე ლიდერად".

მერცის თქმით, მის პარტიასა და ზოგადად ბუნდესტაგში უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემას. "ჩვენთვის გასაგებია, რომ თუ ფედერალური კანცლერი არ დააყენებს უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემის ინიციატივას ეს უნდა გააკეთოს პარლამენტმა",- ამბობს ფრიდრიხ მერცი.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას ფინანსურად დაეხმარება ახალი იარაღის შესაძენად.

შოლცის თქმით, ბუნდესვერის განკარგულებაში თითქმის აღარ დარჩა შეიარაღება, რომლის უკრაინისთვის გადაცემა არის შესაძლებელი. ფედერალური კანცლერს არ დაუდასტურებია რომ გერმანია უკრაინას მძიმე შეიარაღებას მიაწვდის.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანია თავდაცვის მიმდინარე წლის ბიუჯეტს 2 მილიარდი ევროთი ზრდიდა, საიდანაც 1.4 მილიარდი უკრაინის შეიარაღებაზე დაიხარჯებოდა. 

მსგავსი სიახლეები