მონტენეგროს პრემიერმინისტრად პროევროპელი დრიტან აბაზოვიჩი აირჩიეს

მონტენეგროს პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა. ქვეყნის პრემიერი ეთნიკური ალბანელი დირტან აბაზოვიჩი გახდა. 

აბაზოვიჩი პროსერბულად და პრორუსულად მიჩნეულ ზდრავკო კრივოკაპიჩას შეცვლის. თავის მხრივ აბაზოვიჩი მონტენეგროს ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების მომხრეა. 

აბაზოვიჩი წინა მთავრობის შემადგენლობაში ვიცეპრემიერის თანამდებობას იკავებდა. მის დანიშვნას ახალი უმრავლესობის 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

"მოდით ერთად ავაშენოთ ევროპული მონტენეგრო, რომელიც ყველა მონტენეგროელს ღირსეულად ცხოვრების საშუალებას მისცემს", - განაცხადა აბაზოვიჩმა პრემიერად არჩევის შემდეგ. 

ახალი კაბინეტი რეკორდულად დიდი იქნება - მასში სულ 18 სამინისტრო, ასევე 4 ვიცე-პრეზიდენტი და 2 უპორტფელო მინისტრი გაერთიანდება. 

ახალი კაბინეტის არჩევის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც თებერვალში კრივოკაპიჩას მთავრობას პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა. 

წინა მმართველ კოალიციაში, რომელიც 2020 წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა, შედიოდნენ: პროსერბული პარტია დემოკრატიული ფრონტი, დემოკრატები და მოძრაობა URA

მმართველ კოალიციაში უთანხმოება თავიდანვე ბევრი იყო, თუმცა დროთა განმავლობაში პრობლემები მხოლოდ გამწვავდა - კოალიციაში შემავალი სუბიექტები მუდმივად კამათობდნენ სერბეთის და სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენაზე მონტენეგროს შიდა საქმეებზე. 

თავის მხრივ აბაზოვიჩი უმცირესობის კაბინეტის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომლის მოქმედების ვადაც წინასწარვე შეზღუდული იქნებოდა და შეეცდებოდა ევროინტეგრაციის პროცესის განბლოკვასა და სამართლიანი არჩევნებისთვის ნიადაგის მომზადებას. 

მსგავსი სიახლეები