მოსკოვში ანა პოლიტკოვსკაიას მემორიალური დაფა ორ დღეში მეორედ გაანადგურეს
მოსკოვში ვანდალებმა ორ დღეში მეორედ გაანადგურეს 2006 წელს მოკლული ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მემორიალური დაფა.
ვითარების არსი: Telegram-არხის, "სამოქალაქო ინიციატივა მოსკოვში"ცნობით, 19 იანვარს, მომხდარზე პასუხისმგებლობა ულტრამემარჯვენე დაჯგუფებამ, სახელწოდებით NS/WP-მ აიღო.
- იმავე დღეს აქტივისტებმა თანხა შეაგროვეს და პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ადგილზე ახალი დაფა ჩამოკიდეს.
- მოსკოვში, ლესნაიას ქუჩაზე მდებარე სახლის კედელზე განთავსებული მუდმივი მემორიალური დაფა, სადაც "ნოვაია გაზეტას" ჟურანისტი ანა პოლიტკოვსკაია ცხოვრობდა და მოკლეს, ასევე იქ არსებული მემორიალი, ვანდალებმა პირველად 18 იანვარს გაანადგურეს.
ჩაშლილად: "ნოვაია გაზეტას" რედაქციამ და ანა პოლიტკოვსკაიას შვილებმა მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვეს.
- "რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა ნეონაცისტებმა National Socialism / White Power (NS/WP) დახურულ Telegram-არხში აღიარეს კავშირი ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მემორიალური დაფის განადგურებასთან," - დაწერა ონლაინ-გამოცემა "ნოვაია გაზეტა ევროპამ" 19 იანვარს.
- დახურულ Telegram-ზე გამოქვეყნებული პოსტის ავტორები ამტკიცებდნენ, პოლიტკოვსკაიას მემორიალი "გარკვეულმა ინიციატივიანმა პირებმა" გაანადგურეს, რათა "პატივი მიეგოთ" დაჯგუფება "ბორნისთვის" - ულტრამემარჯვენე NS/WP-ის წინამორბედისთვის.
დიდი სურათი: გარდა ამისა, ვანდალებმა იმავე სახლზე და პრეჩისტენკაზე მდებარე შენობაზე, რომელთანაც ადვოკატი სტანისლავ მარკელოვი და "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტი ანასტასია ბაბუროვა მოკლეს, გააკრეს პლაკატები მარკელოვისა და ბაბუროვას დამახინჯებული ფოტოებითა და შეურაცხმყოფელი წარწერებით.
- 19 იანვარს, რუსეთსა და სხვა ქვეყნების ზოგიერთ ქალაქში გაიმართა ადვოკატ სტანისლავ მარკელოვისა და ჟურნალისტ ანასტასია ბაბუროვას ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები. ისინი მოსკოვში 2009 წლის 19 იანვარს მოკლეს.